ფეხბურთი

3:57 | 13.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ასენსიო: "პსჟ-სთან ლამაზი და განსაკუთრებული მატჩები იქნება, მიხარია, რომ მათ "ლივერპულს" აჯობეს"

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბირმინგემის „ასტონ ვილას“ შეხვდება.

ინგლისურ კლუბში პსჟ-დან იანვარში იჯარით მარკო ასენსიო გადავიდა, რომელმაც „ბრიუგეს“ წინააღმდეგ (3:0) დუბლი შეასრულა. ესპანელი „ასტონ ვილას“ ძალიან კარგად მოერგო და 8 მატჩში უკვე 7 გოლის გატანა მოასწრო. ესპანელმა პსჟ-სთან მომავალ მატჩებზე ისაუბრა:

„ძალიან ლამაზი, განსაკუთრებული მატჩი იქნება, დრო მექნება ამაზე ფიქრისთვის. ჯერ ენერგია უნდა აღვიდგინოთ, გავაუმჯობესოთ ჩვენი მინუსები და შემდეგ პსჟ-ზე ვიფიქრებთ. „ლივერპულთან“ მატჩს ვუყურე, მიხარია ჩემო მეგობრების გამო, რომ შეძლეს გამარჯვება და მომდევნო ეტაპზე გასვლა.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მოვიგეთ გუნდის და ფანების გამო. აქ ყოველ თამაშზე საოცარი ატმოსფეროა. უფრო მეტი გვსურს, ახლა მცირე პაუზა იქნება და ჩვენს მომავალ მიზნებზე უნდა ვიფიქროთ. ახალი ფეხბურთელები ადაპტაციას გავდივართ, მაგრამ სწორ გზაზე ვართ. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ბედნიერი ვარ გუნდში და ქალაქში. 2-3 კვირაში პსჟ-სთან მატჩებზე ვიფიქრებთ“, - თქვა ასენსიომ.

„პარი სენ-ჟერმენთან“ მომავალ დაპირისპირებაზე უკვე ფიქრობს ინგლისური კლუბის მცველი იან მაატსენი:

„სხვა ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ დატკბნენ ამ მომენტით, მაგრამ რა თქმა უნდა, უკვე ვფიქრობთ პსჟ-ზე. ეს შესანიშნავი გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელებით და დიდ პატივს ვცემთ. ჩვენც შესანიშნავი გუნდი გვყავს, ამიტომ, მათაც მოუწევთ ჩვენი პატივისცემა“.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ „ასტონ ვილას“ 9 აპრილს უმასპინძლებს, ხოლო 15 აპრილს საპასუხო მატჩი ინგლისში გაიმართება.

0.118902