ფეხბურთი

22:38 | 12.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

7:0 და სხვა: საქართველოს ნაკრების ურთიერთშეხვედრების ისტორია სომხეთთან

საქართველოს ნაკრები სულ მალე 2025 წელს საწყის ორ მატჩს გამართავს და ერთა ლიგის პლეი-ოფში სომხეთის ნაკრებს გაეჯიბრება.

გავიხსენოთ ამ ნაკრებთა ურთიერთშეხვედრების ისტორია, რომელიც სათავეს 1997 წლიდან იღებს.

საქართველოს ნაკრები სომხეთს აქამდე 7-ჯერ შეხვდა და მცირე უპირატესობას ფლობს: 3 მოგება, 2 ფრე, 2 წაგება. ბურთების ბალანსში საქართველოს დიდი უპირატესობა აქვს - 14:8.

პირველი დაპირისპირება 1997 წლის 30 მარტს, „დინამო არენაზე“ შედგა, რომელშიც საქართველოს ნაკრებმა 7:0 მოიგო. ეს მატჩი კარგა ხანს იყო ჩვენი გუნდის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება, სანამ 2023 წელს, ვილი სანიოლის გუნდმა ტაილანდი 8:0 არ გაანადგურა, ხოლო სომხეთისთვის პირიქით - ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი, მაგრამ სომხეთმა ჯერ 2020 წელს იტალიასთან 1:9 და შემდეგ 2022 წელს ნორვეგიასთან 0:9 წააგო.

1997 წლის მარტში გამართულ შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა შოთა არველაძე, დუბლი არჩილ არველაძემ, ხოლო თითო გოლი გიორგი ქინქლაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანეს.

შემდეგ იყო 2000 წლის 6 თებერვალს კიდევ ერთი ამხანაგური დაპირისპირება, ამჯერად კვიპროსის ტურნირზე და საქართველომ 2:1 გაიმარჯვა. გოლები ზაზა ჯანაშიამ და ზურაბ მენთეშაშვილმა გაიტანეს, მეტოქის რიგებში - ვარდან ხაჩატრიანმა.

ამას მოჰყვა ასევე 2000 წელს, 26 აპრილს, ამხანაგური თამაში, რომელიც გატანილი გოლების გარეშე, 0:0 დასრულდა.

2004 წლის 21 თებერვალს, ეს ნაკრებები ისევ კვიპროსის ტურნირზე შეხვდნენ და სომხეთმა პირველად გაიმარჯვა ქართველთა წინააღმდეგ - 2:0 არმან ქარამიანის და ართავაზდ ქარამიანის გოლებით.

2011 წლის 9 თებერვალს, კიდევ ერთხელ გაიმართა ამხანაგური თამაში, რომელიც საქართველომ 2:1 მოიგო. გოლები ალექსანდრე იაშვილის, დავით სირაძის და ედგარ მანუჩარიანის აქტივშია. ეს ჯერჯერობით, საქართველოს ბოლო გამარჯვებაა სომხეთთან.

2020 წლის 11 ოქტომბერს მათი გზები პირველად გადაიკვეთა ოფიციალურ შეხვედრაში. ეს ერთა ლიგის C დივიზიონის ეგიდით. სტუმრად ვლადიმირ ვაისის გუნდი ფრეს დასჯერდა - 2:2. ნიკა კაჭარავას და თორნიკე ოქრიაშვილს ხორენ ბაირამიანმა და ჰენრიხ მხითარიანმა უპასუხეს, ხოლო იმავე წლის 15 ნოემბერს, თბილისში, სომხეთმა 2:1 მოიგო. სტუმართა რიგებიდან გევორქ ღაზარიანმა და სარქის ადამიანმა გაიტანეს, მასპინძლებიდან თავი ვაკო ყაზაიშვილმა გამოიჩინა.

წინ კიდევ ორი დაპირისპირებაა, 20 მარტს ერევანში და 23 მარტს თბილისში - მატჩები, რომლებიც გაარკვევს, რომელი ნაკრები ითამაშებს მომდევნო სეზონში ერთა ლიგის B დივიზიონში და რომელი C დივიზიონში.

0.131517