„პარი სენ-ჟერმენმა“ „ლივერპული“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პენალტების სერიით დაამარცხა, რაც ჯანლუიჯი დონარუმას დამსახურებაა.
იტალიელმა მეკარემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თერთმეტმეტრიანებში ერთ-ერთ საუკეთესოა, თუ არა საუკეთესო. სტატისტიკა ხომ ყველაფერზე ნათლად მეტყველებს.
დონარუმამ პროფესიულ კარიერაში დღემდე 7-ჯერ მიიღო მონაწილეობა პენალტების სერიაში, საიდანაც ექვსჯერ გამარჯვება მისმა გუნდებმა მოიპოვეს. ეს უბრალოდ დამთხვევა ვერანაირად იქნება, ეს ლოგიკას და დონარუმას უნარებს ექვემდებარება.
2016 წელს, დონარუმამ „მილანის“ მაისურით იტალიის სუპერთასის ფინალში „იუვენტუსის“ წინააღმდეგ 5-დან 1 პენალტი მოიგერია და „როსონერიმ“ გაიმარჯვა.
2018 წელს, იტალიის თასის ნახევარფინალში ჯიჯო „მილანს“ „ლაციოს“ დამარცხებაში დაეხმარა, როცა 7-დან 2 პენალტი უკუაგდო და გუნდი ფინალში გაიყვანა.
2020 წელს ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დონარუმამ ისევ „მილანის“ რიგებში „რიუ ავესთან“ პენალტების სერიაში 12-დან 1 პენალტი მოიგერია და იტალიურ გუნდს ეს მოსაგებად ეყო.
შემდეგ უკვე ევრო 2020-ის ჯერი დადგა, რომელიც 2021 წლის ზაფხულში გაიმართა. ნახევარფინალში იტალიამ ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა, დონარუმა ისევ მთავარი გმირი იყო, როცა 4-დან 1 პენალტი მოიგერია, თანაც, გადამწყვეტი ალვარო მორატას წინააღმდეგ.
შემდეგ იყო იმავე ევროპის ჩემპიონატზე ფინალი, სადაც ინგლისის ნაკრებთან დონარუმა შეუდარებელი იყო პენალტების სერიაში: 5-დან 2 დარტყმა მოიგერია, ჯეიდონ სანჩოს და ბუკაიო საკას წინააღმდეგ - ესეც გადამწყვეტი სეივები იყო.
ახლა უკვე, „ლივერპულთან“ გმირობა, როცა სამიდან ორი პენალტი მოიგერია, დარვინ ნუნიესის და კერტის ჯონსის.
ერთადერთი გამონაკლისია 2022 წელს, საფრანგეთის თასის მერვედფინალში „ნიცასთან“ პენალტების სერია, რომელშიც ჯიჯომ 7-დან 1 პენალტი მოიგერია, მაგრამ ეს მის გუნდს არ ეყო და მაშინ პსჟ ასპარეზობას გამოეთიშა.