„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მარცხის (0:1) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, მისმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ იღბალი დააკლდა და არ გაუმართლა.
„უსამართლობაა ამ ეტაპიდან გავარდნა, ფაზის ეტაპი პირველ ადგილზე დავასრულეთ, მაგრამ ისეთ გუნდთან თამაში მოგვიწია, როგორიც „პარი სენ-ჟერმენია“. თუმცა, ესეც ფეხბურთის სილამაზეა. ყველას მოეწონა ეს მატჩი, გამარჯვებისთვის ცოტა იღბალიც საჭიროა, რომელიც წინა შეხვედრაში გვქონდა, მაგრამ დღეს არა.
ეს საუკეთესო თამაში იყო, რომლის მონაწილეც ოდესმე ვყოფილვარ. შესანიშნავად ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ შეხვედრასთან შედარებით. საწყის 20-25 წუთში გოლთან ახლოს ვიყავით, მომენტები შევქმენით და არაფრისგან 0:1 ჩამოვრჩით. მეორე ტაიმში დიდი უპირატესობა გვქონდა, გარდა ბოლო 3-4 წუთისა, როცა კვარაცხელიამ ჯარიმა შეასრულა და კიდევ ერთი მომენტი ჰქონდათ. ალბათ, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მათ მეორე ტაიმში კარისკენ დაარტყეს. ამ საღამოს არ გაგვიმართლა, ისე, როგორც მეტოქეს პირველ მატჩში არ გაუმართლა. ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. მეტს ვიმსახურებდით. როდესაც ამდენ ენერგიას დებ, რთულია მარცხთან შეგუება, საბოლოოდ, ყველაფერი პენალტებამდე მივიდა და ჩვენ, ნიდერლანდელებმა ვიცით, როგორ წავაგოთ პენალტებში“, - თქვა სლოტმა.
შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბრიუგე“ – „ასტონ ვილას“ წყვილში მოგებულს შეხვდება, უდიდესი ალბათობით, „ასტონ ვილას“, რადგან ინგლისურ კლუბს სტუმრად 3:1 აქვს მოგებული.