ფეხბურთი

2:45 | 12.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

კვარას მაგარი თამაში, დონარუმას გმირობა: პსჟ-მ "ლივერპული" გააგდო და მეოთხედფინალშია

ლუის ენრიკე ამბობდა, რომ პსჟ „ენფილდზე“ მხოლოდ მოსაგებად იყო და მოგება შეეძლო კიდეც. ეს ფრანგულმა კლუბმა საქმით დაამტკიცა და მიუხედავად იმისა, რომ შინ 0:1 ჰქონდა წაგებული, სტუმრად სიტუაცია შეცვალა და მეოთხედფინალში გავიდა.

პსჟ-მ პარიზში თუ უამრავი მომენტი ვერ გამოიყენა, „ენფილდზე“ პირველივე სახიფათო იერიში გოლით დაასრულა. მე-12 წუთზე ბრედლი ბარკოლას პასი იბრაჰიმა კონატემ ცუდად ჩაჭრა, რითაც ალისონი დააბნია და უსმან დემბელემ ცარიელ ბურთი მშვიდად შეაგორა.

არადა, გოლამდე „ლივერპულმა“ ძალიან აქტიურად დაიწყო თამაში, უტევდა მეტოქეს და გოლთანაც ძალიან ახლოს იყო. თუმცა, ამჯერად პსჟ დაწინაურდა, რომელსაც პირველ ტაიმში სხვაობის გაზრდა რამდენჯერმე შეეძლო. ყველა შემთხვევაში, მთავარი მოქმედი პირი ხვიჩა კვარაცხელია იყო. ქართველმა ფეხბურთელმა მე-17 წუთზე დიდებული პასით მეკარეს შეატოვა ბარკოლა, მაგრამ ფრანგმა შემტევმა ძალიან ცუდად ითამაშა და ალისონს ვერ აჯობა. მალევე, კვარამ უკვე უსმან დემბელე დატოვა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ ფრანგს ტექნიკური წუნი ჰქონდა, ბურთი მეტისმეტად წინ გაიგდო და ალისონიც ფეხებში ჩაუხტა. უკვე ტაიმის მიწურულს თვითონ ხვიჩას შეეძლო გატანა, გაიტანდა კიდეც, რაიან გრავენბერხი რომ არა... კვარამ ერთი შეხებით დაარტყა, მაგრამ ბურთი ნიდერლანდელს მოხვდა და კარს მცირედით ასცდა. ტაიმი ლუის ენრიკეს გუნდმა 1:0 მოიგო.

მეორე ნახევარში „ლივერპულმა“ თამაში გამოასწორა და სახიფათო მომენტების შექმნაც დაიწყო, თუმცა მაინც უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში კვარა უკვე დაცვაში ბრწყინავდა. ერთხელ სულაც ცარიელი კარიდან შეძლო ბურთის გამოტანა! ეს მომენტი გოლის ტოლფასიც კი იყო. ცოტა ხანში ხვიჩამ მოჰამედ სალაჰს ჩაუჭრა სახიფათო ზონაში პასი. მოკლედ, მოედანზე ძალიან პროდუქტიული იყო.

მეორე ნახევარში საგოლე მომენტების მიუხედავად, გოლი აღარ გასულა და პსჟ-მ ძირითად დროში 1:0 მოიგო, შესაბამისად, დამატებითი დრო დაინიშნა, რადგან ორი მატჩის ჯამში სრული თანაფარდობა იყო - 1:1.

დამატებით დროში პსჟ აღემატებოდა „ლივერპულს“, შექმნა კიდეც სახიფათო მომენტები, ერთხელ ალისონი იყო დიდებული. საპასუხოდ, სლოტის გუნდს საერთოდ არაფერი ჰქონია. ზოგადად, ორი მატჩის ჯამში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ლივერპულს“ თამაშის ხარისხით აშკარად აჯობა, მაგრამ ფრე, 1:1 დაფიქსირდა და მეოთხედფინალისტის ვინაობა პენალტების სერიაში გაირკვა.

პენალტების სერიაში განგებამ პსჟ-ს ყველაფერი დაუბრუნა - პარიზელებმა 4:1 მოიგეს. ფრანგული კლუბის მხრიდან ოთხივე პენალტი ზუსტი გამოდგა, ხოლო „ლივერპულიდან“ მხოლოდ მოჰამედ სალაჰმა დაარტყა ზუსტად. გმირი ჯანლუიჯი დონარუმა იყო, რომელმაც დარვინ ნუნიესის და კერტის ჯონსის პენალტები მოიგერია.

კვარაცხელია მოედანზე 101-ე წუთამდე იყო, შემდეგ კან-ინ ლიმ შეცვალა. ხვიჩას შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია, მაგრამ გადაუჭარბებლად, მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველ ფეხბურთელს „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ბრიუგე“ – „ასტონ ვილას“ წყვილში მოგებულს შეხვდება, უდიდესი ალბათობით, „ასტონ ვილას“, რადგან ინგლისურ კლუბს სტუმრად 3:1 აქვს მოგებული.

„ლივერპული“ – „პარი სენ-ჟერმენი“ 0:1 პენ: 1:4 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 1:1

ლივერპული, „ენფილდ როუდი“

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი (ქუანსა 73), კონატე (ენდო 111), ვან დეიკი, რობერტსონი; შობოშლაი (ელიოტი 106), გრავენბერხი, მაკალისტერი (ჯონსი 91); სალაჰი, დიოგო ჟოტა (ნუნიესი 73), ლუის დიასი (გაკპო 101)

მწვრთნელი: არნე სლოტი

„პარი სენ-ჟერმენი“ (4-3-3): დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი (ბერალდო 90), პაჩო, მენდეში; ნევეში (რამოში 120), ვიტინია, ფაბიან რუისი (ზაირ-ემერი 91); ბარკოლა (დუე 67), დემბელე, კვარაცხელია (ლი 101)

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

გოლი: 0:1 დემბელე (12)

პენალტების სერია: 0:1 ვიტინია, 1:1 სალაჰი, 1:2 რამოში, 1:2 ნუნიესი (მეკარე), 1:3 დემბელე, 1:3 ჯონსი (მეკარე), 1:4 დუე

გაფრთხილება: მაკალისტერი (90) - მარკინიოსი (46)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (3) – 21 (8) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 12:6 თამაშგარე: 3:3

მსაჯი: იშტვან კოვაჩი (რუმინეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.056941