მილანის „ინტერმა“ და „ბაიერნმა“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური პრობლემების გარეშე მოიპოვეს და მომდევნო ეტაპზე უკვე ერთმანეთს შეხვდებიან.
პირველივე მატჩების მერე ნათელი იყო, რომ ისინი მეოთხედფინალში გავიდოდნენ, რადგან „ინტერმა“ გასვლაზე „ფეიენოორდს“ 2:0 აჯობა, „ბაიერნმა“ გერმანულ დერბიში „ლევერკუზენს“ შინ 3:0 სძლია.
არც საპასუხო მატჩებს შეუცვლია არაფერი, უფრო მეტიც, ფავორიტებმა უპირატესობა განიმტკიცეს.
„ინტერმა“ ნიდერლანდურ გუნდს საკუთარ მოედანზეც აჯობა - 2:1. ანგარიში მალევე მარკუს ტურამმა გახსნა, რასაც ტაიმის ბოლოს სტუმრებმა პენალტით უპასუხეს. თუმცა მეორე ნახევრის დასაწყისში პენალტი უკვე ჰაკან ჩალჰანოღლუმ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ორი შეხვედრის ჯამში სიმონე ინძაგის გუნდმა 4:1 გაიმარჯვა.
მიუნხენის „ბაიერნმა“ „ლევერკუზენს“ კლასის, მაგრამ პირველ რიგში, მაინც გამოცდილების ხარჯზე აჯობა. ჩაბი ალონსოს გუნდმა მეტოქეს ვერცერთ მატჩში ვერ გაუწია კონკურენცია და სტუმრად განადგურების მერე შინაც წააგო - 0:2. მეორე ტაიმში მიუნხენელებმა ორი გოლი გაიტანეს: ჯერ ჰარი კეინმა გამოიჩინა თავი, შემდეგ ალფონსო დევისმა. ორი მატჩის ჯამში ბავარიელებმა 5:0 მოიგეს.
როგორც ვთქვით, მეოთხედფინალში „ბაიერნი“ და „ინტერი“ ერთმანეთს შეხვდებიან. პირველი მატჩი მიუნხენში გაიმართება, საპასუხო - მილანში. ეს იქნება 2010 წლის ფინალის რიმეიქი.
„ინტერი“ – „ფეიენოორდი“ 2:1 (1:1) - ორი მატჩის ჯამში: 4:1
გოლები: 1:0 ტურამი (8), 2:1 მოდერი (42, პენ), 2:1 ჩალჰანოღლუ (51, პენ)
„ლევერკუზენი“ – „ბაიერნი“ 0:2 (0:0) - ორი მატჩის ჯამში: 0:5
გოლები: 0:1 კეინი (52), 0:2 დევისი (71)