მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ატლეტიკოსთან“ საპასუხო მატჩის წინ ისაუბრა.
იტალიელმა გუნდი პენალტების სერიაზეც ავარჯიშა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ყველაფერს ელოდება:
„მიზანი ნათელია: გვინდა მეოთხედფინალში თამაში. პენალტებზე ახლა არ ვფიქრობთ, ამჟამად მხოლოდ თამაშის კარგად დაგეგმვაზე ვფიქრობთ. ჩემი აზრით, სიმეონე დიდი მწვრთნელია, ჩვენ ფეხბურთზე ერთნაირი წარმოდგენა გვაქვს. ის ფანტასტიკური მწვრთნელია და დიდ პატივს ვცემ. „ატლეტიკო“ ყოველთვის ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს და ხვალაც ასე იქნება. როგორც ყოველთვის მატჩის ბედ წვრილმანები გადაწყვეტენ.
კარგ ფორმაში და მოტივირებულები ვართ, როგორც ყოველთვის ამ ტურნირზე. გვჯერა, რომ შეგვიძლია ამ განსაკუთრებულ ტურნირზე თამაში. შემიძლია ვცადო და „ატლეტიკოს“ შემადგენლობა გამოვიცნო, მაგრამ მირჩევნია ჩემს გუნდზე გავამახვილო ყურადღება. „ატლეტიკოს“ მრავალი მეთოდით თამაში შეუძლია, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ.
როგორ ხდება პენალტებისთვის მომზადება? როცა პენალტების შემსრულებლების სიას ვადგენთ, ვითვალისწინებთ იმას, რასაც ვარჯიშის დროს ვხედავთ და არა მხოლოდ ტექნიკურ თვისებებს. მე ჩემპიონთა ლიგა მოვიგე მცველებთან ერთად, რომლებმაც სერიაში პენალტები გაიტანეს - სერჟინიო და ნესტა.
მარცხში დამნაშავე ყოველთვის მწვრთნელია? ეს მხოლოდ მადრიდის „რეალის“ პრობლემა არაა. ეს არის ზოგადად მწვრთნელის პრობლემა. ერთადერთი პასუხისმგებელი მწვრთნელია, ამაში ახალი არაფერია, ჩვენ ეს ვიცით“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ პირველი მატჩი 2:1 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრა 12 მარტს გაიმართება.