„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, პირველ შეხვედრაში პსჟ-მ საოცარი თამაში ჩაატარა, მაგრამ „ლივერპულს“ ცუდად არ უთამაშია. ნიდერლანდელის აზრით, პსჟ საუკეთესო გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში შეხვდნენ:
„ამ მატჩის შემდეგ ფინალამდე დიდი გზა იქნება გასავლელი, ვიცით, ფინალამდე გზა, რომელიც სავსეა ძალიან კარგი გუნდებით. თუმცა, ვეთანხმები ლუის ენრიკეს, პოტენციურად, ორივე გუნდს აქვს ძალა, რომ ფინალში გავიდეს. პსჟ უკვე დიდი ხანია ამ დონეზე ყოველწლიურად თამაშობს.
საერთოდ არ გამკვირვებია პირველ მატჩში პსჟ-სგან ისეთი თამაში. მათ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს, როცა მათ შეხვედრებს უყურე. ინტენსივობა ერთიანობა, ნახევარდაცვაში როტაცია... ძალიან სრულყოფილი გუნდია. ზოგი ამბობს, რომ ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ არ ვეთანხმები. ვფიქრობ, მათ ითამაშეს საოცრად. ამ სეზონში არ გვითამაშია ისეთ გუნდთან, რომელიც მსგავსი ხარისხით და ინტენსივობით თამაშობს. ჩვენ კი, შეგვიძლია იმაზე უკეთ ვითამაშოთ, ვიდრე ოთხშაბათს და ეს ხვალ ჩვენი ფანების დახმარებით უნდა დავამტკიცოთ.
ვფიქრობ, პსჟ-მ ბოლო თვეებში დიდი პროგრესი განიცადა, პრესინგს მთელ მოედანზე თამაშობენ. ეს არის ყველაზე სრულყოფილი გუნდი, რომელსაც შევხვდით. შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს იღებს.
ვფიქრობ, არავის სჭირდება მოტივაცია. როდესაც „ენფილდზე“ ევროპის ორი საუკეთესო გუნდი ხვდება, დამატებით მოტივირება არავის სჭირდება. ვიმედოვნებ, რომ ბურთი უფრო მეტად გვექნება, ვიდრე წინა შეხვედრაში, მაგრამ არ ვეთანხმები, რომ ცუდი მატჩი ჩავატარეთ, მეტოქის დამსახურება უნდა დავინახოთ, პსჟ-მ საოცრად ითამაშა.
ყველა მატჩს გამარჯვების განზრახვით ვთამაშობთ. ხვალ გვინდა კარგი მატჩის ჩატარება, მაგრამ პირველ რიგში, გამარჯვება გვინდა. ფრეზე არ ვითამაშებთ, მოგება გვინდა, როგორც ყველა შეხვედრაში. ვფიქრობ, შანსი 50-50%-ზეა. წინა მატჩში შედეგი ჩვენთვის იყო კარგი, ხოლო მათ კარგი თამაშის ხარისხი ჰქონდათ. რამდენიმე თვის განმავლობაში ორივე გუნდმა დაამტკიცა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია გოლის გატანა. ჩვენ ამ შეხვედრაში წინა მატჩის შედეგი გვაძლევს თავდაჯერებას, მათ - თამაშის ხარისხი“, - განაცხადა სლოტმა.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ პსჟ-ს სტუმრად 1:0 აჯობა, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული კლუბი ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა. საპასუხო მატჩი 11 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.