„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლივერპულთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
ესპანელი სპეციალისტი ოპტიმისტურადაა განწყობილი და „ენფილდზე“ გამარჯვებას გეგმავს.
„პირველი მატჩის ანალიზი თამაშის მეორე დღეს ჩავატარეთ. შემდეგ „რენთან“ მატჩისთვის მოვემზადეთ და მერე „ლივერპულისთვის“. ამ მატჩისთვის ისე მოვემზადეთ, როგორც სხვებისთვის. ხვალ კიდევ ერთხელ ვიხილავთ ევროპის ორი საუკეთესო გუნდის თამაშს, განსხვავებული სათამაშო სტილით. ასეთ სიტუაციაში ვართ, ამიტომ, ახლა მხოლოდ ერთი ამბიცია გვაქვს: მოედანზე გავიდეთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ სიტუაცია შევცვალოთ.
დარწმუნებული ვარ, ჩემს ყველა ფეხბურთელს სურს ხვალ თამაში. „ენფილდი“ ლეგენდარული სტადიონია და მთელი გუნდი მოტივირებულია. გვინდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია დიდი მატჩის ჩატარება, ეს უდიდესი მოტივაციაა. თუმცა, მსგავს შეხვედრაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ემოციების მართვა.
ჩვენი მიზანი ნათელია: ვეცადოთ, მეტოქეზე უკეთესი ვიყოთ. გასვლით მატჩები ყოველთვის უფრო რთულია, მაგრამ გვჯერა, რასაც ვაკეთებთ. ასევე ვიცით, რისი გაუმჯობესება გვჭირდება. გვსურს ბურთი უფრო მეტ ხანს გვქონდეს, ვიდრე მეტოქეს, ასე საგოლე მომენტებს შევქმნით.
ვიცით, რომ გარემო განსხვავებული იქნება პირველი მატჩისგან, სადაც ყოველი შეტევისას სტადიონი გვიბიძგებდა. თუმცა, მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ჩემი გუნდის შესაძლებლობების მიმართ. ერთად უნდა შევუტიოთ და თავიც ერთად დავიცვათ. არ მინდა, პროგნოზის გაკეთება, აქ უბრალოდ მოსაგებად ვართ და პირველი შეხვედრაც რომ მოგვეგო, მიზანი იგივე იქნებოდა“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ პსჟ-ს სტუმრად 1:0 აჯობა, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული კლუბი ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა. საპასუხო მატჩი 11 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.