„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის წინ ჟურნალისტების წინაშე წარდგა.
სწორედ ქართველმა გამართა თამაშამდე ტრადიციული პრესკონფერენცია, სადაც ვრცლად ისაუბრა, როგორც მომავალ დაპირისპირებაზე, ისე პსჟ-ში თავის ადაპტაციაზე, სათამაშო პოზიციაზე და სხვა თემებზე.
თუმცა, სანამ პრესკონფერენციაზე გამოვიდოდა, მანამდე პსჟ-ს ტელევიზიასთან გააკეთა მოკლე კომენტარი:
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ. ვიცით, რომ რთული თამაში იქნება, მაგრამ თავდაჯერებულები ვართ, მოვემზადეთ საბრძოლველად და გვიხარია, რომ ასეთ მატჩში თამაშის შესაძლებლობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ სტადიონზე თამაში ძალიან კარგია, ფეხბურთი შესანიშნავი რამაა და ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა „ენფილდზე“ თამაში, ვიბრძოლებთ ოცნებების ასახდენად და ყველაფერი შესაძლებელია. როცა მოედანზე გადიხარ, ატმოსფეროზე აღარ ხარ კონცენტრირებული“, - განაცხადა კვარამ.
შემდეგ უკვე პრესკონფერენციაზე მოუწია ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხების გაცემა:
მატჩზე და შანსებზე
„ვფიქრობ, რომ შანსი 50-50%-ზე. „ლივერპულთან“ დომინირება ადვილი არ არის, ჩვენ ეს შევძელით, ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. ამიტომ, ვფიქრობ, შანსი თანაბარია. ჩვენს თამაშზე ვიქნებით კონცენტრირებული და აქ მოსაგებად ვართ. რა თქმა უნდა, ქამბექზე ვსაუბრობთ, მაგრამ გვიხარია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის ჩატარება გვიწევს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ".
პსჟ-ში ადაპტაციის პერიოდზე
"აქ თავს კარგად ვგრძნობ, ჩემი ადაპტაცია ყველას დახმარებით კარგად წარიმართა. ბევრს ვმუშაობ და ვფიქრობ, კიდევ უფრო კარგად თამაში შემიძლია. მოტივირებულები ვართ. რა თქმა უნდა, როცა „ენფილდზე“ თამაშობ, ზედმეტი მოტივაცია საჭირო არაა. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში დიდი პატივია, გუნდში ძლიერი მენტალიტეტი გვაქვს და გამარჯვებას ვეცდებით".
თამაშის ლამაზ სტილზე
"უბრალოდ, ფეხბურთის თამაში მიყვარს და როცა დრიბლინგს ვაკეთებ, ვცდილობ, ეს ლამაზადაც გავაკეთო. თუმცა, მთავარი გუნდია, რომ მას კარგი შედეგების მიღწევაში დავეხმარო".
"ენფილდ როუდზე" თამაშის გამოცდილებაზე, სადაც კვარამ 2022 წელს ითამაშა
"არ ვიცი, ერთადერთი ვარ თუ არა პსჟ-ში, ვისაც აქ უთამაშია, მაგრამ ბევრმა იცის, რას ნიშნავს „ენფილდზე“, ასეთ ატმოსფეროში თამაში. რა თქმა უნდა, რთული იქნება, რადგან "ლივერპულისთვის" შესანიშნავი ატმოსფერო იქნება, მაგრამ აქ ჩვენი გულშემატკივრებიც იქნებიან. ყველაზე მთავარია, რომ თამაშზე კონცენტრირებული ვიყოთ. არ აქვს მნიშვნელობა პარიზში ვთამაშობთ თუ ლივერპულში, მიზანი გამარჯვებაა".
თამაშის შესახებ
"ჩვენი მიზანია დომინირება, როგორც ეს პირველ მატჩში გავაკეთეთ. "ლივერპულთან" დომინირება ადვილი არაა, აქ კიდევ უფრო რთული იქნება, მაგრამ თუ ჩვენს თამაშზე გავამახვილებთ ყურადღებას, ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენთვის სეზონში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, ეს ჩემპიონთა ლიგაა. გვინდა, რაც შეიძლება დიდხანს ვიყოთ ამ ტურნირზე. რაც შეეხება პირველ მატჩს, იმედგაცრუებული ვიყავით, უსამართლობაა, როცა ამხელა უპირატესობის მიუხედავად მარცხდები... მეორე დღეს ვისაუბრეთ და ვეცდებით, ხვალ გამარჯვებას. „ლივერპული“ თავდაჯერებული იქნება, რადგან სახლში ითამაშებს, თავისი გულშემატკივრის თვალწინ, პირველი მატჩიც მოგებული აქვს. ხვალ განსხვავებული თამაში იქნება, მაგრამ ვეცდებით ჩვენი თამაშის სტილი დავამკვიდროთ, მთავარი კი, კარგი შედეგის მიღწევაა".
ლუის ენრიკეს მითითებებზე
"ლუის ენრიკე ბევრი გვესაუბრა. გვითხრა, რომ კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ ჩვენს თამაშზე, ყველაფერი შესაძლებელია. მას მსგავსი მატჩების დიდი გამოცდილება აქვს, ჩვენზე უკეთ იცის რას ნიშნავს ასეთ შეხვედრაში მონაწილეობა. ყველაფერს გავაკეთებთ და ვფიქრობ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ვნახოთ, ვინ მოიგებს".
სათამაშო პოზიციაზე
"როდესაც პსჟ-ში თამაშობ, პოზიციას არ აქვს მნიშვნელობა, თავდამსხმელი ვარ და მეტოქის კართან ახლოს ვთამაშობ, მაგრამ დაცვასაც ვეხმარები. ჩემთვის მთავარია, ვითამაშო და ყველაფერი გავიღო გუნდისთვის, პოზიცია დიდად არ მაინტერესებს".
მომენტების გამოყენების მნიშვნელობაზე
"ბევრი მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ახლა ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. საგოლე მომენტები უნდა გამოვიყენოთ, ეს აუცილებელია. უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ძლიერი მხარეები გუნდურად გამოვიყენოთ“, - განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ პსჟ-ს სტუმრად 1:0 აჯობა, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგული კლუბი ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა. საპასუხო მატჩი 11 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.