“ა” ლიგის მე-8 ტურის 2 მატჩი თბილისი არენაზე გაიმართა. ორივე შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლებშიც გამარჯვებული ბოლო წამებზე გამოვლინდა. პირველად ფიცარნაგზე “სოხუმი-საქართველო” და “ვერა” გავიდნენ. ეს გუნდები ცხრილის ბოლო 2 საფეხურზე იმყოფებოდნენ და შესაბამისად, გამარჯვებაც ორივეს ჰაერივით სჭირდებოდა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ სოხუმელთა გამარჯვებით 84:80 (სტატისტიკა) დასრულდა. 1 მოგებით ბოლო ადგილზე მყოფი ვერა ცხრილში კიდევ უფრო დაიძირა. უფრო ზუსტად, ამ გუნდსა და მის წინ მყოფ კონკურენტს შორის სხვაობა გაიზარდა და შესაბამისად, დავით გასიტაშვილის გაწვრთნილი გუნდი რთულ მდგომარეობაშია. დარჩენილ 2 ტურში (რუსთავთან და თავისუფალთან) აღარ უნდა წააგოს, მე-4 ადგილზე გასვლის შანსი რომ ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში, ან მომავალი სეზონის წინ საკვალიფიკაციოში თამაში მოუწევს (თუ რეგულარულს მე-5 ადგილზე დაასრულებს), ან “ა” ლიგიდან პირდაპირ გავარდება (თუ ბოლოზე გავა).
მეორე შეხვედრაში ერთ-ერთმა ფავორიტმა “რუსთავმა” დაძაბულ ბროლაში – 95:93 (სტატისტიკა) დაამარცხა თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი. ბესო ლეჟავას გაწვრთნილი “თავისუფალი” ძალიან უიღბლოა – დღეს და წინა ტურში ბოლო წამებზე დათმო თამაში 2 ლიდერთან – კასპთან და რუსთავთან.
დღევანდელ მატჩში თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა ორჯერ მოახერხა დიდი დეფიციტის აღმოფხვრა. ერთხელ პირველ პერიოდში, ერთხელაც ბოლო ათწუთეულში. ბოლო წუთებზე კი ჩინებული შანსი მიიღო გათანაბრების და მოგებისაც კი, მაგრამ… გუნდის ლიდერმა, ჯორდან სმიტმა, რომელმაც საბოლოოდ 36 ქულა დააგროვა, ბოლო შეტევაში ჩინებული შესაძლებლობა მიიღო. 2 ქულით ჩამორჩენილი თავისუფალი უტევდა, ბურთი სმიტს ჰქონდა, დრო იწურებოდა, როცა პერიმეტრზე რუსთაველი ქემდინ კარფმანი მასზე არასპორტულად დაჯარიმდა.
რუსთაველებს ბოლო პერიოდში 3 გუნდური ჯარიმა ჰქონდათ შესაბამისად, კარფმანს სურდა მეტოქე ჯარიმით შეეჩერებინა, რათა მას სამქულიანი არ ესროლა. ჯარიმა არასპორტული გამოუვიდა, რადგან მეტოქე ხელით დაიჭირა. საფინალო სირენამდე 2.1 წამი იყო. სმიტს რომ ორივე ჩაეგდო, ანგარიშს ათანაბრებდა და მის გუნდს მოსაგებად დროც რჩებოდა, მაგრამ მას მატჩის გმირობიდან ანტიგმირობამდე არსებული არავისთვის სასიამოვნო ნაბიჯის გადადგმა მოუხდა. ჯორდანმა ორივე სროლა ააცილა, გვერდიდან შემოტანილი ბურთი კი რუსთაველებმა ჩაჭრეს და თამაშიც დასრულდა.
რუსთავი მეორე ადგილზე დარჩა, თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი კი ჯერჯერობით მესამეზეა. დარჩენილ 2 ტურში როგორ განაწილდება 3-6 ადგილები, არავინ იცის. პირველ და მეორე ადგილს რუსთავი და კასპის გრიფინი გაიყოფენ. რუსთავს კასპში 11 ქულით აქვს წაგებული და თუ ქულებში თანაბრობა იყო, პირველზე გასასვლელად საპასუხო მატჩში მინიმუმ 12-ქულიანი გამარჯვება სჭირდება.
შემდეგი ტური 13 და 14 მარტს გაიმართება, ხოლო გადამწყვეტი, დაკვნითი ტური 19 მარტს ჩატარდება.
GBF.GE