იტალიის სერია A-ს 28-ე ტურში „იუვენტუსმა“ „ატალანტას“ უმასპინძლა და შანსი ჰქონდა, ლიდერთან ისევ 6-ქულიანი ჩამორჩენა შეენარჩუნებინა, მაგრამ ისტორიულად სამარცხვინო მარცხი განიცადა.
„იუვეს“ ფანები მწვრთნელის, ფეხბურთელების და ხელმძღვანელობის მიმართ უკვე რამდენიმე დღეა პროტესტს გამოხატავენ და სტადიონი სავსე კი იყო, მაგრამ საოცარი სიჩუმე იდგა, სურეალისტური გარემო იყო.
„ატალანტამ“ ისარგებლა „იუვენტუსის“ სისუსტეებით და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა - 4:0! არადა, ეს გუნდები ორი თვის ბერგამოში შეხვდნენ და მაშინ გუნდები დაზავდნენ (1:1), „იუვემ“ იმ დღეს აჯობა მეტოქეს, მაგრამ დღეს, უბრალოდ მოედანზე არ გასულა.
საოცარი შეცდომები დაუშვეს ტურინელმა ფეხბურთელებმა, ენით აღუწერელი. ბერგამოელებმა მატეო რეტეგის, მარტენ დე რონის, დავიდე ძაპაკოსტას და ადემოლა ლუკმენის გოლებით მოიგეს. "იუვეს" ზედიზედ 5-მატჩიანი მოგებების სერია შეუწყდა ჩემპიონატში, ეს მხოლოდ მეორე მარცხი იყო სერია A-ს მიმდინარე სეზონში, მაგრამ 13 ფრე აქვს, სხვა ყველა ტურნირსაც გამოეთიშა, თანაც, ვისთან? იტალიის თასიდან "ემპოლიმ" გააგდო, ჩემპიონთა ლიგიდან პსვ-მ... ალბათ, ასეთი სუსტი "იუვენტუსი" არავის ახსოვს.
„იუვენტუსმა“ 1967 წლის 22 ოქტომბრის შემდეგ პირველად წააგო სერია A-ში საშინაო მატჩი 4-ბურთიანი სხვაობით, 58 წლის წინ ასევე 0:4 „ტორინოსთან“ წაეგო...
„ატალანტაზეც“ უნდა ითქვას: ბოლო სამ საგარეო თამაშში „ვერონასთან“, „ემპოლისთან“ და „იუვენტუსთან“ 14 გოლი გაიტანა და არც ერთი გაუშვა (5:0, 5:0, 4:0), მაგრამ ამის პარალელურად, ბოლო ორი საშინაო თამაში ვერ მოიგო „კალიარისა“ (0:0) და „ვენეციასთან“ (0:0). ეს 4 ქულა რომ არ დაეკარგა, ახლა ლიდერი იქნებოდა.
„ატალანტა“ 58 ქულით მესამე ადგილზეა და 3 ქულით ჩამორჩება „ინტერს“, რომელსაც მომდევნო ტურში უმასპინძლებს. „იუვენტუსი“ 52 ქულით მხოლოდ მეოთხე ადგილზეა და ტურის დასრულების შემდეგ შეიძლება „ლაციომ“ გადაასწროს.