ავსტრიის გრან პრის ბოლო საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის შედეგიანი გამოდგა და ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობა მოიგო, ხოლო ახლა ფინალში გავიდა. ტატომ ფრანგ ტეო ერბიეს, იაპონელ ჰიდეტოში ტოკუმოჩის, ავსტრიელ თომას შარფერტერს და სერბ მილიან რადულის აჯობა, რის შემდგომაც ფინალში გიორგი ჯაბნიაშვილს უნდა შეხვდროდა, მაგრამ ბრძოლას ჩაეხსნა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
თავის მხრივ, ჯაბნიაშვილმა ფინალამდე სერბი ისლამ სოგენოვის, უკრაინელი სტანისლავ გუნჩენკოს, იაპონელი რიკუ ოკადასა და ბრაზილიელი მარსელო ფრონცკოვიაკის დამარცხება მოახერხა. ასე რომ, მან ოქროს მედალი მოიპოვა და ჩემპიონი გახდა.
დისკვალიფიკაციის შემდეგ ოქროს მედლით დაბრუნდა გურამ თუშიშვილი. ეს გურამის პირველი შეჯიბრია ტედი რინერთან ცნობილი ინციდენტის შემდეგ. თუშიშვილმა ავსტრიელი მოვლი ბორჩაშვილი, კვიპროსელი იანის ანტონიუ და უკრაინელი ევგენი ბალიევსკი დაამარცხა. ფინალში, მისთვის კარგად ნაცნობი მეტოქე ელოდა - ჩეხი, ლუკაშ კრპალეკი, რომელსაც აჯობა და ოქრო მოიპოვა.
ამავე წონაში ბრინჯაოს შანსი ჰქონდა შალვა გურეშიძეს, რომელმაც ყაზახ ჟანტილეკ ნურტილეპულის და უზბეკ შორხოდო მახტიაროვს აჯობა, ნიდერლანდელ იელე სნიეპესთან წააგო, მაგრამ რეპეშაჟში შანსი გამოიყენა, სადაც სერბი იგორ ვრაჩარი დაამარცხა. მედლისთვის შალვას მეტოქე უკრაინელი ევგენი ბალიევსკი იყო, მაგრამ დამარცხდა.
საქართველომ ავსტრიის გრან ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლით დაასრულა.