ფეხბურთი

20:56 | 9.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

კონტე: "როცა ლუკაკუ ასეთი დომინანტია, ჩვენც გამარჯვების მეტი შანსი გვაქვს"
"დარჩენილია 10 ფინალი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ფიორენტინასთან“ მატჩის (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, გამარჯვება დაიმსახურეს. კონტე განსაკუთრებით კმაყოფილია რომელუ ლუკაკუს თამაშით და ბელგიელი შეაქო:

„ვნახე გუნდი, რომელიც გამარჯვებას ნამდვილად იმსახურებდა. შეგვეძლო ყველაფერი უკეთ გაგვეკეთებინა და ბოლო წუთები უკეთ გვემართა, რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი ქულა ბოლო წუთებში დავკარგეთ. ბიჭები ძალიან კარგები იყვნენ, ბევრი მომენტი შექმნეს, მაგრამ საგოლე მომენტების გამოყენებაში უკეთესები უნდა ვიყოთ.

როცა ვსაუბრობ, სიმართლეს ვამბობ. მომენტებიდან გამომდინარე მეტი გოლი უნდა გავიტანოთ. ლუკაკუს თამაში უმჯობესდება, „ინტერთან“ და დღეს მას სეზონში საუკეთესო მატჩები ჰქონდა. მან იცის, რომ დომინანტი უნდა იყოს, რადგან როცა ასეა, ჩვენ გამარჯვების მეტი შანსი გვაქვს. ის გვჭირდება, როგორც ყველა ფეხბურთელი, რადგან დარჩენილია 10 ფინალი, რომელშიც ყველაფერი უნდა გავიღოთ.

შემადგენლობასთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთება მომიწევს, მაგრამ სახეში არავის ვუყურებ, ვინც უკეთაა, ის თამაშობს, სქემაც ამის მიხედვით იქნება გამოყენებული. 10 თამაში დარჩა, დიდი მიზნის მიღწევაზე უნდა ვიფიქროთ. გულშემატკივარი ამას იმსახურებს, მათ ყოველთვის სჯეროდათ ჩვენი. ხვალიდან მომავალ მატჩზე ვიფიქრებთ, რომელიც რთული იქნება“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ „ინტერს“ უპირატესობის გაზრდის უფლება არ მისცა, 60 ქულა აქვს და ლიდერს ისევ ერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში 16 მარტს, სტუმრად „ვენეციას“ შეხვდება.

0.065418