„ნაპოლიმ“ სერია A-ში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 28-ე ტურში ფლორენციის „ფიორენტინას“ 2:1 აჯობა.
ანტონიო კონტეს გუნდმა ბოლოს 25 იანვარს იმარჯვა, მას მერე იყო 4 ფრე და 1 მარცხი, მაგრამ ეს სერია ნეაპოლიტანელებმა როგორც იქნა, შეწყვიტეს.
26-ე წუთზე ანგარიში რომელუ ლუკაკუმ გახსნა, ხოლო მე-60 წუთზე ბელგიელმა გოლს საგოლე პასიც დაუმატა, როცა ჯაკომო რასპადორის დაეხმარა გატანაში, რომელმაც სხვაობა გაზარდა. ფლორენციელებმა მალევე ალბერტ გუდმუნდსონის გოლით სხვაობა შეამცირეს და დიდი დროც ჰქონდათ გასათანაბრებლად, მაგრამ კონტეს შეგირდებმა უპირატესობა კარგად დაიცვეს.
ამრიგად, „ნაპოლიმ“ „ინტერს“ უპირატესობის გაზრდის უფლება არ მისცა, 60 ქულა აქვს და ლიდერს ისევ ერთი ქულით ჩამორჩება, ხოლო მომდევნო ტურში 16 მარტს, სტუმრად „ვენეციას“ შეხვდება.