ძიუდო

18:10 | 9.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ქართული ფინალი ავსტრიის გრან პრიზე: თუშიშვილი ძიუდოს ფინალით დაუბრუნდა

ავსტრიის გრან პრიზე სამი ქართველი ძიუდოისტი ფინალშია, ხოლო 90 კგ წონით კატეგორიაში სულაც ქართული ფინალი გაიმართება.

ტატო გრიგალაშვილი დროებით 90 კგ-ში გამოდის, სადაც ცოტა ხნის წინ ევროპის ღია პირველობა მოიგო, ხოლო ახლა ფინალშია. ტატომ ფრანგ ტეო ერბიეს, იაპონელ ჰიდეტოში ტოკუმოჩის, ავსტრიელ თომას შარფერტერს და სერბ მილიან რადულის აჯობა, რის შემდგომაც ფინალში გიორგი ჯაბნიაშვილს შეხვდება.

თავის მხრივ, ჯაბნიაშვილმა ფინალამდე სერბი ისლამ სოგენოვის, უკრაინელი სტანისლავ გუნჩენკოს, იაპონელი რიკუ ოკადასა და ბრაზილიელი მარსელო ფრონცკოვიაკის დამარცხება მოახერხა. ასე რომ, წინ ქართველების ფინალია.

დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა გურამ თუშიშვილი, რომელიც +100 კგ წონით კატეგორიის ფინალში გამოვა. ეს გურამის პირველი შეჯიბრია ტედი რინერთან ცნობილი ინციდენტის შემდეგ. თუშიშვილმა ავსტრიელი მოვლი ბორჩაშვილი, კვიპროსელი იანის ანტონიუ და უკრაინელი ევგენი ბალიევსკი დაამარცხა. ფინალში, მისთვის კარგად ნაცნობი მეტოქე ელოდება - ჩეხი, ლუკაშ კრპალეკი.

ამავე წონაში ბრინჯაოს შანსი აქვს შალვა გურეშიძეს, რომელმაც ყაზახ ჟანტილეკ ნურტილეპულის და უზბეკ შორხოდო მახტიაროვს აჯობა, ნიდერლანდელ იელე სნიეპესთან წააგო, მაგრამ რეპეშაჟში შანსი გამოიყენა, სადაც სერბი იგორ ვრაჩარი დაამარცხა. მედლისთვის შალვას მეტოქე უკრაინელი ევგენი ბალიევსკი იქნება.

აქვე გეტყვით, რომ ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

0.132295