რაგბი

12:10 | 9.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ხარები 50:25 ყაზბეგი

რუსთავის ‘ხარებმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგის’ წინააღმდეგობა დასკვნით 20 წუთში გატეხა და თვალსასეირო მატჩში 50:25 გაიმარჯვა.

ამ გამარჯვებით ‘ხარებმა’ ერთის მხრივ „სარბიელის სინი“ შეინარჩუნა, მეორეს მხრივ კი საფლეიოფო ექვსეულში ადგილი პრაქტიკულად დაიბევა. რუსთაველებმა ბონუს-ქულაც აიღეს, ჯამში 38 მოაგროვეს და მეოთხე ადგილზე აღზევდნენ. ახლა ისინი მე-7 ადგილს 10 ქულით დაშორდნენ და დარჩენილი სამი შეხვედრიდან ერთის მოგება, მოწინავეთა შორის მოსახვედრად საკმარისი იქნება. ‘ყაზბეგი’ 27 ქულით მე-8 ადგილზე რჩება და ექვსეულში შესვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს, მაგრამ ახლა კონკურენტების თამაშის შედეგებზეც იქნება დამოკიდებული.

რუსთავის „ხარები არენაზე“ გამართული crocobet დიდი 10-ის მე-15 ტურის შეხვედრა თვალსასეირო საყურებელი გამოდგა. ტრიბუნაზე შეკრებილმა არცთუ მრავალრიცხოვანმა მაყურებელმა ჯამში 10 ლელო იხილა, რომელთაგან 7 მასპინძლების ანგარიშზეა.

სტუმრები მე-5 წუთზე მასპინძლების შეცდომის ხარჯზე დაწინაურდნენ, რაც გიორგი მარგალიტაძის კარგ და ჭკვიანურ თამაშს მოყვა. მან კონტრშეტევისას ფეხით ორჯერ ითამაშა, მცველი ბურთზე პირველი იყო, თუმცა ის გადაცემისას შეცდა და ამით ლევან ქუშაშვილმა ისარგებლა. მე-15 წუთზე ქუშაშვილი სინბინით დაისაჯა და რიცხობრივ უპირატესობაში ‘ხარებმა’ ორი გარდასახული ლელო გაიტანა. პირველ ეპიზოდში ლუკა წიკლაურმა ხაზი გაგლიჯა, კარგად იარა და მისი გარღვევა ლელოთი სანდრო სვანიძემ დაასრულა, მერე კი მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ მარგიანმა ბურთი ფეხით მარცხენა ფრთაზე გადაკიდა, სადაც რატუ საინივალატიმ მეტოქეს საჰაერო ბრძოლა მოუგო და ლელოში ბურთიანად დაეშვა. მარგიანმა ორივე გარდასახვა გამოიყენა.

ქუშაშვილის დაბრუნების შემდეგ ‘ყაზბეგი’ თამაშშიც დაბრუნდა. ლევანმა შებრუნებული პასის შემდეგ ხაზი გაჭრა, ბოლო ორ მცველს ერთი მოძრაობით აუარა გვერდი და დუბლი გაახერხა. 35-ე წუთზე ფრთაზე დავით მოძღვრიშვილი აჩქარდა, ფრთაზე მცველს ერთი-ერთზე გასცდა და სტეფანწმინდელები დააწინაურა. დავით იმნაძემ ორივე გარდასახა და ზედ შესვენების წინ ჯარიმით უპირატესობის 8 ქულამდე გაზრდის შანსი ქონდა, მაგრამ მისი დარტყმული ძელმა აისხლიტა, ‘ხარებმა’ თავისი 22-იდან კონტრშეტევა წამოიწყო, ანარე ტუიტაიმ კარგად იარა და ფეხით ითამაშა, სვანიძემ კი ლელოში წიკლაური შეუშვა. მარგიანმა გარდასახა და მასპინძლებს ტაიმი 21:19 მოაგებინა.

მეორე ტაიმი რუსთაველების შეტევებით დაიწყო, ფორვადების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ბურთი ფრთაზე გავიდა, სადაც საინივალატი მცველს გაექცა და თავისი მეორე ლელო გაიტანა. მარგიანმა რთული პოზიციიდან გარდასახა. შემდეგ 10 წუთში იმნაძემ ორი და მარგიანმა ერთი ჯარიმა გაიტანა, რითაც დასკვნით 20 წუთს გუნდები 6-ქულიანი (31:25) სხვაობით შეხვდნენ.

დარჩენილ დროში ქულები მხოლოდ მასპინძლებმა აიღეს. მათ სამი ლელო გაიტანეს და ბონუს-ქულაც მოიპოვეს. 64-ე წუთზე მეტოქის 22-ში მარგიანმა ფეხით ერთხელაც ითამაშა და ფრთაზე ლელო ანარე ტუიტაიმ დაამიწა. 69-ეზე ‘ხარების’ მოლი ირაკლი ლუარსაბიშვილის ლელოთი დასრულდა, ორიოდე წუთში კი კონტრშეტევისას ტუიტაიმ დუბლი გაიფორმა. მარგიანმა და გიორგი პეტრიაშვილმა თითო გარდასახვა შეასრულეს საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 50:25. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა წიკლაური გახდა.

RUGBY.GE

0.114094