რაგბი

13:27 | 9.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყოჩები 24:16 არმია

crocobet დიდი 10-ის მე-15 ტურში ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘არმიას’ 24:16 სძლია და უძლიერესთა შორის დარჩენის შანსი შეინარჩუნა.

მიმდინარე სეზონში ბოლნისელებისთვის ეს მესამე გამარჯვებაა. ის 15 ქულით კვლავ ბოლო ადგილზე რჩება, თუმცა ფლეი-აუტის ზონასთან ახლა მხოლოდ 5 ქულა აშორებს, ოღონდ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ ტურის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია და თბილისის ‘ხვამლს’ ხვალ 15 საათზე ეთამაშება. ‘არმიას’ 33 ქულა დარჩა, მე-6 ადგილზეა და საფლეიოფო ზონაში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევს.

„რაგბი პლატოზე“ გამართული თამაში კარგი საყურებელი გამოდგა. ის ორმხრივ შეტევებში წარიმართა და პირველ ტაიმში ლელოს გატანის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა დაცვა შეტევაზე უკეთ ირჯებოდა. ასეთ პირობებში პირველ 40 წუთში ლაშა მალაღურაძემ ორი, ხოლო რეზი ხარაზიშვილმა ერთი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი ‘ყოჩებმა’ 6:3 მოიგო.

მეორე ტაიმის დებიუტში მალაღურაძის მორიგი დარტყმული ძელმა აისხლიტა, მერე კი გურამ გოგიძე სინბინით დაისაჯა და მასპინძლები 10 წუთით კაცნაკლული დარჩნენ. ამით ‘არმიამ’ სწრაფადვე ისარგებლა, მოლით შეუტია და თენგო გიგოლაშვილმა სტუმრები დააწინაურა, გარდასახვა კი ძელმა აისხლიტა. მომდევნო 8 წუთში ლიდერი კიდევ ორჯერ შეიცვალა. ჯარიმა ჯერ მალაღურაძემ, მერე ხარაზიშვილმა გაიტანა, 57-ე წუთზე კი ‘ყოჩებმა’ ინიციატივა საბოლოოდ დაიბრუნა.

თბილისელებმა საკუთარ 22-ში, თითქოს უწყინარ სიტუაციაში ფეხით შეცურებულ ბურთზე ვერ ითამაშეს, ის რანი ფხალაძემ აიტაცა და მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა თენგიზ პერანიძის პასის შემდეგ ლელო თემურ ჭიჭინაძემ გაიტანა და მალაღურაძემ გარდასახა. 5 წუთში მალაღურაძე და გიორგი ჭურაძე წაკინკლავდნენ და ორივე ყვითელი ბარათით დაისაჯა, 71-ე წუთზე კი ‘არმია’ საკუთარ 22-ში კიდევ ერთხელ შეცდა, ბურთი დაკარგა და ჭიჭინაძემ თავისი მეორე ლელო მიითვალა.

‘არმიამ’ გააფთრებით შეუტია და დავით ბარბაქაძის ლელოთი სხვაობა კვლავ 5 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ბოლო წუთზე შერკინებაში დაჯარიმდა, მალაღურაძემ მორიგი 3 ქულა მოინაგრა და მეტოქე ნუგეშ-ქულის გარეშე დატოვა - 24:16. მატჩის საუკეთესო მოთამაშე თემურ ჭიჭინაძე გახდა.

RUGBY.GE

0.165244