თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის უიღბლო სერია გრძელდება. იშვიათი ამბავია, რომ გუნდმა ზედიზედ 8 მოგების შემდეგ მიჯრით 6 თამაში წააგოს. ასეც ხდება, როცა გუნდის წამყვანი მოთამაშეები დაშავდებიან, მაგრამ ეს თსუ-ზე არ ითქმის. გუნდმა ამერიკელი ლეგიონერი დაიმატა, ხოლო გუნდის ლიდერ ცინცაძეს წარმატებული სერიის პერიოდშიც უცდებოდა თამაშები.
ასე თუ ისე, თსუ-მ სუპერლიგაში ზედიზედ მე-6-ე მატჩი წააგო. პირველი წრის ბოლო 2 და მეორე წრის საწყისი 4 შეხვედრა. დღეს თსუ მე-3 პერიოდში 17 ქულით (53:36) უგებდა ზესტაფონის მარგვეთს, მაგრამ შეხვედრა 69:73 (სტატისტიკა) დათმო. ბოლო პერიოდში უნივერსიტეტელებმა ბევრი ბურთი დაკარგეს და პერიმეტრიდან ბურთი ვერ ჩააგდეს.
არადა, ერთ დროს სუპერლიგის ერთპიროვნული და მდევრისგან 3 მოგებით წინ მყოფი გუნდი ახლა 6 წაგებითაა. თსუ-ზე ნაკლები წაგება უკვე ორ გუნდს – ქუთაისს და ვსა-ს აქვს, ხოლო ამ მაჩვენებლით უნივერსიტეტელებს ბათუმი, მარგვეთი და ივერიონი გაუთანაბრდნენ.
ზესტაფონელებისთვის თსუ-ს დამარცხება ჰაერივით საჭირო იყო, რათა ცოტა ხნის წინ ლიდერებში მყოფები კვლავ ცხრილის კენწეროს დაჰბრუნებოდნენ. თსუ-სთან თავი ისახელა აკოლ მავეინმა, რომელიც სუპერლიგის ბოლო ტურების MVP-ია და თვს შთამბეჭდავი სტატისტიკით იწონებს. დღევანდელ შეხვედრაში მავეინმა 26 ქულა, 10 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა, რითაც გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
თსუ შემდეგ ტურში ვსა-ს ეთამაშება, რომელმაც დღეს გორში წააგო. დაკარგული ქულებით ვსა ქუთაისთან ერთად სუპერლიგის ლიდერი გახლდათ და უშუალო კონკურენტის სტუმრად დამარცხება დიდ ჰანდიკაპს მისცემდა, თუმცა გორელებმა მებრძოლი ხასიათი კიდევ ერთხელ გამოავლინეს და პრინციპული შეხვედრა, მიუხედავად სოლიდური ჩამორჩენისა, საბოლოოდ მოიგეს.
პირველი პერიოდის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო, თუმცა ვსა-მ მეორეში ყველა კომპონენტში აჯობა მასპინძლებს და დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი ლიდერობით გავიდა. მასპინძლები მესამე პერიოდში გააქტიურდნენ და გუნდური თამაშის წყალობით ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს. ბოლო პერიოდში ყველაფერი მასპინძელთა სასარგებლოდ გადაწყდა. მატჩის დასრულებამდე 6 წუთით ადრე ვსა 5 ქულით იგებდა, მაგრამ ჯეი პალის, ივანე მეგენეიშვილის, ნიკოლოზ დარბაიძისა და განსაკუთრებით ტაილერ არბაკლის შედეგიანობით დასკვნითი წუთები დამაჯერებლად მოიგეს და საბოლოოდ 91:86 (სტატისტიკა) იმარჯვეს.
გორელებს ივანე მეგენეიშვილმა 19 ქულითა და 13 მოხსნით ულიდერა. 19 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა რევაზ როგავამ, ტაილერ არბაკლის ანგარიშზე 20 ქულა დაგროვდა. ვსა-ში 26 ქულით საუკეთესო იყო ანზორ ნადირაძე. 14 ქულა, 9 მოხსნა და 9 პასი ჯერმეინ ჰედის ანგარიშზეა.
სუპერლიგის მე-15 ტური ხვალ, ქუთაისში დასრულდება, სადაც სათამაშოდ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი ჩავა.
GBF.GE