„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა კარლოს კორბერანმა „ვალიადოლიდთან“ მატჩის (2:1) შემდეგ გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა, რომლის შეცდომას სტუმართა გოლი მოჰყვა.
ესპანელმა მწვრთნელმა თქვა, რომ გიორგის კლასში ეჭვი არ ეპარება და მოსწონს ის, რომ მან მეორე ტაიმში რეაგირება მოახდინა.
„ეჭვი არ მეპარება მამარდაშვილის დონეში. მასზე ძალიან იმოქმედა შეცდომამ, რითაც „ვალიადოლიდმა“ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, ნამდვილად ვაფასებ იმას, რომ მეორე ტაიმში შესანიშნავად ითამაშა, გუნდი დაამშვიდა თავისი სეივებით, გარდა ამისა, მამაცობა გამოიჩინა, მომწონს, ისეთი ფეხბურთელების ხილვა, რომლებიც რეაგირებენ შეცდომებზე და პრობლემების გადალახვას ახერხებენ“, - თქვა კორბერანმა.
ქართველი მეკარის შესახებ კომენტარი „ვალენსიას“ ნახევარმცველმა ენცო ბარენეჩეამაც გააკეთა, რომელმაც გიორგი დაიცვა:
„არაფერია მისთვის სათქმელი, ყველამ ვიცით, რა დონის მეკარეა. ის ძლიერია და ჩვენ მასთან ვართ“, - აღნიშნა არგენტინელმა ნახევარმცველმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 5-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა. „ვალენსიამ“ ამ მოგებით გასავარდნ ზონას თავი დააღწია და 27 ქულით მე-16 ადგილზეა (ასევე, 27-27 ქულა აქვთ „ესპანიოლსა“ და „ლეგანესს“). მომდევნო ტურში „ღამურები“ 15 მარტს, „ჟირონას“ სტუმრად შეხვდებიან.