ფეხბურთი

23:45 | 8.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის უხეში შეცდომა: "ვალენსიამ" მაინც მოიგო და გასავარდნი ზონა დატოვა (+VIDEO)
ქართველი მეკარე ბოლო პერიოდში იდეალურ ფორმაში არაა

ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში „ვალენსიამ“ ბოლოადგილოსან „ვალიადოლიდს“ უმასპინძლა და უმძიმეს ბრძოლაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 2:1.

კარლოს კორბერანის გუნდს ამ შეხვედრაში ქულების დაკარგვის უფლება ნამდვილად არ ჰქონდა და მე-7 წუთზე დიეგო ლოპესის გოლით სწრაფადაც დაწინაურდა. თუმცა, მე-40 წუთზე სამწუხაროდ, გიორგი მამარდაშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა: ბურთი საჯარიმოში ჩააბარა ხუანმი ლატასას, რომელმაც ქართველისგან საჩუქარი შეირგო და გაათანაბრა. ბოლო დროს, ესპანურ მედიაში მამარდას კრიტიკამ იმატა და ამ შეცდომის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდება საუბარი იმაზე, რომ „ვალენსიას“ კარში სტოლე დიმიტრიევსკის დადგომის დრო დადგა... საბოლოო ჯამში, ეს შეცდომა „ვალენსიას“ ძვირად არ დაუჯდა, რადგან მაინც გაიმარჯვა.

58-ე წუთზე უმარ სადიქმა მოახერხა ენცო ბარენეჩეას შესანიშნავი პასის გამოყენება და გადამწყვეტი გოლი გაიტანა. მამარდაშვილმა 3 სეივი მიითვალა. მას მიმდინარე სეზონში 5 მშრალი მატჩი აქვს.

„ვალენსიამ“ ამ მოგებით გასავარდნ ზონას თავი დააღწია და 27 ქულით მე-16 ადგილზეა (ასევე, 27-27 ქულა აქვთ „ესპანიოლსა“ და „ლეგანესს“). მომდევნო ტურში „ღამურები“ 15 მარტს, „ჟირონას“ სტუმრად შეხვდებიან.

0.117426