„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში ისევ დაუმარცხებელია და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
ლუის ენრიკეს გუნდმა სტუმრად „რენი“ 4:1 გაანადგურა. „ლივერპულთან“ მატჩამდე ესპანელმა გადახალისებული შემადგენლობით თამაში არჩია, მაგრამ „რენმა“ მეტოქეს წინააღმდეგობა მაინც ვერ გაუწია.
27-ე წუთზე ანგარიში ბრედლი ბარკოლამ გახსნა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში გონსალო რამოშმა სხვაობა გაზარდა. მასპინძლებმა მალევე შეამცირეს სხვაობა. თუმცა, 64-ე წუთზე ლუის ენრიკემ გუნდის ლიდერები ჩართო თამაშში, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიაც.
ქართველმა მესამე გოლში დიდი წვლილი შეიტანა. მან დიდებული პასით მეკარესთან პირისპირ აშრაფ ჰაკიმი დატოვა, რომელმაც დარტყმას პასი ამჯობინა და ცარიელ კარში უსმან დემბელეს გაატანინა. ეს 91-ე წუთზე მოხდა. ორ წუთში დემბელემ დუბლიც შეასრულა.
კვარას არ გაუტანია და არც საგოლე პასი გაუკეთებია, მაგრამ მესამე გოლი მისი დამსახურებაა, გარდა ამისა, ერთხელ ძალიან სახიფათოდ დაარტყა, ერთხელაც დაცვას დაეხმარა შესანიშნავად და ზოგადად, კარგი თამაში ჰქონდა. ხვიჩამ „რენთან“ სულ 31 წუთი ითამაშა: ბურთს 26-ჯერ შეეხო, 2-ჯერ დაარტყა, 3 საკვანძო პასი გააკეთა და 18-დან 18-ვე პასი ზუსტი ჰქონდა.
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით 12 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.
„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ს 65 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „მარსელს“ 16 ქულით უსწრებს. მოკლედ, მალე ჩემპიონობას გაიფორმებს. იქამდე ლუის ენრიკეს გუნდი 11 მარტს, „ლივერპულს“ ესტუმრება, ხოლო ლიგა 1-ის მომდევნო ტურში 16 მარტს, „მარსელს“ უმასპინძლებს.