ფეხბურთი

17:37 | 8.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ჩემთვის ფრე თითქმის წაგებაა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „ფიორენტინასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, მისთვის ფრე წაგების ტოლფასია, ამიტომ, მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გადიან:

„ამ კვირაში არაფერი შეცვლილა, არ ვიცი, რა უნდა შეცვლილიყო? ვვარჯიშობდით ისე, როგორც ყოველთვის, იგივე მონდომებით. საჭიროა ფაქტები, სიტყვები საბოლოოდ ქარს მიაქვს. ამბიცია ყოველთვის შრომის ნაყოფი უნდა იყოს. „ინტერთან“ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მხოლოდ ფრეს დავჯერდით, ჩემთვის ეს ნახევრად იმედგაცრუებაა, ჩემთვის ფრე თითქმის მარცხია. ჩვენ მიზანია, რომ ფანები გავახაროთ, მოედანზე 3 ქულის მოსაპოვებლად გავდივართ. ხშირად ამას ვახერხებთ, ზოგჯერ - ვერ. ყოველთვის მეტი უნდა ვიმუშაოთ, ყოველგვარი შიშის და დაძაბულობის გარეშე.

მე ფეხბურთელებთან გულწრფელი ვარ: ვინც იმსახურებს, ის თამაშობს, შესაბამისად, გილმორი ითამაშებს, რადგან მან დაიმსახურა კიდევ ერთი შანსი, ხოლო ვინც თადარიგში რჩება, ვარჯიშებზე ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ აზრი შემაცვლევინოს. წინ 11 მატჩია, 11 ბრძოლაა, 11 ფინალია.

როდესაც რაღაცას ცვლი, ამას ორი მიზეზით აკეთებ: ან არ ხარ დარწმუნებული ან აუცილებლობის გამო. ყოველთვის ვცდილობ საუკეთესო გამოსავალი ვიპოვო, პატივს ვცემ ფეხბურთელების თვისებებს. ყოველთვის ჩემს იდეებზე წინ ვაყენებ გუნდის საჭიროებებს“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ ერთადერთი ქულით ჩამორჩება.

0.148883