კალათბურთი

12:43 | 8.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ორბის მორიგი გამარჯვება | ტყიბულელები სუპერლიგაში დასარჩენად ბოლომდე იბრძვიან

როცა უკან დასახევი გზა მოჭრილია, მებრძოლი ვა-ბანკზე მიდის და ყველაფერს აკეთებს თავის გადასარჩენად. ეს გზა ხშირად ამართლებს, ხანაც მიზნამდე ვერ მიდიან. როგორ იქნება ტყიბულის “ორბის” საქმე, მარტის ბოლოს გამოჩნდება – ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილი გუნდი სწორედ ასეთ სიტუაციაში, სუპერლიგიდან გავარდნის პირას მყოფმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ვითარება მნიშვნელოვნად გამოისწორა. თუკი წინა ტურში თსუ-ს ძლევით მიღებული ბონუსი, უშუალო კონკურენტი “ამრას” გამარჯვებამ გააბათილა, რა იქნება მიმდინარე ტურში, ამას ხვალ შევიტყობთ.

“ორბმა” მორიგი მატჩი გურჯაანში, “დელტასთან” მოიგო და გაგრის “ამრას” გაუთანაბრდა, თუმცა “ამრა” მიმდინარე ტურის მატჩში თბილისი არენაზე “ბათუმს” ხვალ მასპინძლობს და თუ მოუგებს, “ორბთან” უპირატესობის 2-ქულიანი სტატუს-კვო აღდგება. შეგახსენებთ, რომ რეგულარულ ჩემპიონატში ბოლო ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგიდან “ა” ლიგაში ქვეითდება, ხოლო ბოლოსწინა, მე-10-ზე გასულს საკვალიფიკაციოში მოუწევს უმაღლესში ადგილის დაცვა.

“ორბმა” ზედიზედ დაამარცხა სუპერლიგის 2 ამბიციური გუნდი – 2 მარტს თსუ და დღეს “დელტა”. დღეს ტყიბულელებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს, რადგან თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში წინ მყოფებს დელტამ თამაშის დასრულებამდე 4 წუთით ადრე გადაასწრო (66:65) და თითქოს გურჯაანელებმა თავისი გაიტანეს, თუმცა ნიკოლოზ თოთლაძის, ტაისონ ჯექსონის და ბექა ლომაშვილის ქულებით სტუმრები კვლავ დაწინაურდნენ – 71:66.

გურჯაანელთა მწვრთნელმა, ირაკლი ხოშტარიამ წუთშესვენება აიღო და რაც დაგეგმა, მისმა მოთამაშეებმა კარგად შეასრულეს. დელტამ ანგარიში ბოლო წამებზე გაათანაბრა და ორბს დარჩა 15 წამი და რომ არ ჩაეგდო, თამაში ოვერტაიმში გადავიდოდა, თუმცა რიკი კლემონსმა გამარჯვების მომტანი გარღვევა განახორციელა – აკრობატულ ნახტომში, მცველებზე ზემოდან გადატარებით ჩააგდო ბურთი და ტყიბულელებს 78:76 (სტატისტიკა) მოაგებინა.

გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანი ბექა ლომაშვილი გახლდათ – 12 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი. 17 ქუა და 11 მოხსნა ჰქონდა ტაისონ ჯექსონს. მატჩის გმირმა კლემონსმა 13 ქულა, 9 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. დელტაში 13 ქულით და 15 მოხსნით საუკეთესო იყო ჯორდან სვოპშირი, ბომბარდირი 20 ქულით დანია კინგსბი გახდა, 17 ქულა სკილერ პოტერმა დააგროვა.

სუპერლიგის მე-15 ტურის მომდევნო 2 მატჩი 8 მარტს, თბილისი არენაზე გაიმართება: ამრა ბათუმს უმასპინძლებს, ხოლო თსუ – ზესტაფონის მარგვეთს.

GBF.GE

0.116882