რაგბი

18:42 | 7.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ბათუმი 34:8 აია

crocobet დიდი 10-ის მე-15 ტურის პირველ მატჩში, ‘ბათუმმა’ მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი ქუთაისის ‘აია’ 34:8 დაამარცხა, ბონუს-ქულაც აიღო და მასთან ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა.

ჩემპიონისთვის ეს მიმდინარე სეზონში განცდილი მესამე მარცხია. ‘აიას’ 53 ქულა დარჩა და ჯერჯერობით პირველ ადგილზე რჩება, თუმცა მეორე ქუთაისის გუნდ ‘არესს’ მისი ჩანაცვლების შანსი გაუჩნდა. ‘ბათუმმა’ სეზონში მე-10 გამარჯვება მოიპოვა, 48 ქულა დააგროვა და რეგულარულ გათამაშებაში მესამე ადგილი პრაქტიკულად დაიბევა, თუმცა დაწინაურების კარგ შანსსაც ინარჩუნებს.

„ბათუმი არენას“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში სტუმრების შეტევებით დაიწყო და ელგუჯა მახარეიშვილმა გასატანი პოზიციიდან ჯარიმით გახსნა ანგარიში. მასპინძლები შერკინებასა და ძალისმიერ თამაშში დომინირებდნენ და ტაიმის შუაში მატჩის პირველი ლელო გავიდა. ძალისმიერი ლელო ჯაბა შათირიშვილმა მიითვალა და ბუბა ნოზაძემ გარდასახა. მთლიანობაში, პირველ ტაიმში ‘აია’ ბურთს და ტერიტორიას აკონტროლებდა, 32-ე წუთზე მათ მასპინძლების შეცდომით ისარგებლეს და ამირან შვანგირაძემ საპასუხო ლელოთი სტუმრებს ტაიმი 8:7 მოაგებინა.

მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა და ზღვისპირელები საგრძნობ უპირატესობას დაეუფლნენ. მართალია მათ საწყის წუთებში ჯარიმა გაუცუდდათ, მაგრამ მერე კავეკინი ტამბუმ გაიბრწყინა, ხაზი გაჭრა, მაგრად იარა და 5-მეტრიანში ის ამირან შვანგირაძემ სინბინის ხარჯზე შეაჩერა. ‘ბათუმმა’ რიცხობრივი უპირატესობით კარგად ისარგებლა. შათირიშვილმა ჯარიმის გათამაშებისა და რამდენიმე მიძალების შემდეგ თავისი მეორე ლელო გაიტანა. არაზუსტი გარდასახვის შემდეგ, ზურა ფირცხალაიშვილმა საკუთარი გუნდის უპირატესობა ჯარიმით გაზარდა, ხოლო 54-ე წუთზე დერეფნიდან აგორებული მოლი გიორგი შუკაკიძის ლელოთი დასრულდა.

საათის თავზე ‘აიას’ გარემარბმა ანზორ სარალიძემ წითელი ბარათი მიიღო და სტუმრები დარჩენილი დროით კაცნაკლული დარჩნენ. დარჩენილ დროში ნიკა ნინიძემ დუბლი შეასრულა. პირველ ეპიზოდში ხაზი რეზი ჯინჭველაშვილმა გაჭრა და ბურთი ფრთაზე სწრაფად ჩათამაშდა, მეორე ეპიზოდში კი 7-ქულიანი შეტევა ტამბუმ წამოიწყო. ფირცხალაიშვილმა ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ‘ბათუმმა’ უმნიშვნელოვანეს მატჩში 34:8 გაიმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჯაბა შათირიშვილი გახდა.

RUGBY.GE

0.119475