კალათბურთი

17:25 | 6.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

კასპის ზედიზედ მე-7 გამარჯვება “ა” ლიგაში | გრიფინმა თავისუფლება ბრძოლაში მოინადირა

“ა” ლიგის მე-7 ტური დასრულდა. დებიუტანტი კასპის “გრიფინი” კვლავ დაუმარცხებელია. გიორგი სიმონიშვილის გაწვრთნილმა “გრიფინმა” “ა” ლიგის მეორე დებიუტანტი, თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხა და 7-დან 7 გამარჯვებით კვლავ ერთპიროვნული ლიდერია.

დამარცხებაცაა და დამარცებაც. ასე ძალიან კასპელებს არ გასჭირვებიათ. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდმა გრიფინს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ბოლო წამებზე – 100:102 (სტატისტიკა) წააგო. თამაში უაღრესად დაძაბული იყო, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ლიდერი 17-ჯერ შეიცვალა. მატჩის ბოლო პერიოდში ქულა-ქულაში თამაში მიდიოდა. ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხან – მეორე.

ფენომენალური შედეგიანობა გამოავლინა ელაია ბიუქენენმა, რომელმაც ბოლო პერიოდში 19 (!) ქულა ჩააგდო. ბოლოს საქმე ისე წავიდა, ბიუქენენი მარტო მოქმედებდა. ყველანაირმა ტაქტიკამ აზრი დაკარგა, საჭირო იყო მხოლოდ ინდივიდუალისტი, რომელიც ქულებს ნებისმიერი გზით მოიპოვებდა და ასეთად კასპელებს ბიუქენენი მოევლინათ. 10 წუთის მანძილზე ბიუქენენმა 19 ქულა ჩააგდო, ბურთი მას გადმოჰქონდა და უტევდა კიდეც. ბოლო პერიოდში გრიფინის მხრიდან ბიუქენენთან ერთად ქულები აკაკი ლომოურმა (7) და ვასილ ბერუაშვილმა (3) ჩააგდეს.

ლომოურის მხრებზე გადაიარა გრიფინის ლიდერის, მონტეს მატისის საშინელმა თამაშმა, რადგან მისი აცილებული ბურთებისგან გამოწვეული სიცარიელე (მატისმა თამაშიდან ნასროლი 20 სროლიდან 2 ჩააგდო) სწორედ ლომოურმა შეავსო. გამოცდილმა მსროლელმა 14-დან 7 სამქულიანი ჩააგდო და მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. კაკიმ შეხვედრა 25 ქულით დაასრულა. ბოლო პერიოდში ჩაგდებული მისი 7 ქულა ჰაერივით საჭირო გამოდგა კასპელებისთვის.

ბიუქენენმა 2 საჯარიმო დასრულებამდე 12 წამით ადრე ჩააგდო და გრიფინი 102:100 დააწინაურა. თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდს ბოლო შეტევა და 12 წამი ჰქონდა, მაგრამ გადამწყვეტი შეტევა ჯორდან სმიტმა შედეგიანად ვერ დააგვირგვინა. კასპელებმა ბეწვის ხიდზე გაიარეს, თუმცა წაგების შემთხვევაშიც კი პირველ ადგილზე დარჩებოდნენ.

რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტური დარჩა, რის შემდეგაც 6-დან 4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და ნახევარფინალში შემდეგნაირად დაწყვილდება: I ადგილზე გასული მეოთხეადგილოსანს შეხვდება, ხოლო II – III-ს. მე-8 ტურის მატჩები 9 და 10 მარტს გაიმართება.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
0.11545
სარეკლამო ადგილი - 99
X x X