„ლივერპულმა“ „პარი სენ-ჟერმენი“ ჰარვი ელიოტის გოლით დაამარცხა და მატჩის შემდეგ გოლის ავტორმა თანაგუნდელი ალისონი შეაქო, რომელიც მოედანზე საუკეთესო იყო.
ბრაზილიელმა მეკარემ დიდებულად ითამაშა, 10 დარტყმა მოიგერია, კარი მშრალად შეინახა და უეფამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ელიოტმა აღნიშნა, რომ ალისონი მსოფლიოში საუკეთესო მეკარეა.
„სიტყვები არ მაქვს, წარმოუდგენელია, ის მსოფლიოში საუკეთესოა, ბევრ თამაშში გადაგვარჩინა. მის გარეშე არ ვიცი, სად ვიქნებოდით. დღეს საღამო მქონდა შესაძლებლობა, რომ მისთვის მადლობის ნიშნად სამაგიერო გადამეხადა“, - თქვა ელიოტმა.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 22-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და 27 ნოემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა. „ლივერპულთან“ დუელში კი, ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება, რომელიც 11 მარტს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.