ფეხბურთი

5:01 | 6.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუის ენრიკე: "შედეგი უსამართლოა, მაგრამ დასაკარგი არაფერი გვაქვს, ეს უფრო სახიფათოს გვხდის"
"ევროპის საუკეთესო გუნდი უშანსოდ დავტოვეთ, ჩემი გუნდით ამაყი ვარ"

„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლივერპულთან“ მარცხის (0:1) შემდეგ ისაუბრა.

ესპანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ შედეგი ძალიან უსამართლოა, მაგრამ მის გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს და საპასუხო მატჩში გამარჯვების სჯერა:

„შეხვედრის ანალიზი რთული არაა. „ლივერპულს“ ბევრად ვაჯობეთ საგოლე მომენტებით,. სრულყოფილი მატჩის ჩატარება შევძელით ევროპის საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ. აშკარად განსხვავებულ შედეგს ვიმსახურებდით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია, უნდა იცოდე, როგორ მიიღო ეს. თუმცა, შედეგი უსამართლობაა.

ნამდვილად მჯერა მომდევნო ეტაპზე გასვლის, ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო. დასაკარგი არაფერი გვაქვს. „ენფილდზე“ აგრესიული ატმოსფერო იქნება, მაგრამ ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს. შარშან მოვახერხეთ მსგავს სიტუაციაში დაბრუნება, როცა პირველი მატჩი მეოთხედფინალში შინ წავაგეთ, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც გავედით (ბარსელონასთან - რედ). ეს ჩემს ფეხბურთელებსაც ვუთხარი. მეტოქის მეკარე საუკეთესო იყო, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს. მან 5 საოცარი სეივი შეასრულა. საწყისი 5 წუთის შემდეგ „ლივერპულს“ ყველაფერში ვაჯობეთ. შემდეგ სულ პსჟ-ს თამაში იყო, სხვა არავის არაფერი უნახავს.

ვიმეორებ, დასაკარგი არაფერი გვაქვს და ეს უფრო სახიფათოს გვხდის. ვეცდებით, „ლივერპულს“ თვალებში ჩავხედოთ და ჩვენი ქომაგი გავახაროთ. დარწმუნებული ვარ, ამ სეზონში არ არსებობს მატჩი, რომელშიც „ლივერპულმა“ ტაიმი შანსის გარეშე დაასრულა და ეს ჩვენ მოვახერხეთ, მიმდინარე სეზონში ჩვენი საუკეთესო თამაში იყო. ფეხბურთელები იმედგაცრუებულები იყვნენ, მაგრამ ვუთხარი, რომ თავი მაღლა ასწიონ. მეც უცნაური განცდა მაქვს: ერთი მხრივ, შედეგი ძალიან უსამართლოა, მეორე მხრივ, ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და ფანებით. მსაჯობაზე კომენტარს არ ვაკეთებ: ჩვენ ერთს ვფიქრობთ, „ლივერპულის“ წევრები მეორეს“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 22-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და 27 ნოემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა. „ლივერპულთან“ დუელში კი, ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება, რომელიც 11 მარტს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.

0.117213