„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლივერპულთან“ მატჩის (0:1) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა.
ესპანელს ჰკითხეს, როგორ შეძლო მოკლე დროში კვარაცხელიას ასე ადაპტირება მის რთულ სათამაშო სისტემასთან. ლუის ენრიკე კი, ფიქრობს, რომ მის სათამაშო სისტემასთან ადაპტირება ადვილია და არა რთული.
„ძალიან ადვილია ჩემს სათამაშო სისტემასთან მორგება. იმისთვის, რომ პსჟ-ში თამაში შეძლო, საჭიროა დიდი ფეხბურთელი იყო. არ მინდა, კონკრეტულად ფეხბურთელებზე საუბარი. მინდა ვისაუბრო გუნდზე, ამ გამოცდილებაზე, რომელიც ზრდაში დაგვეხმარება. არ ვიცი, მომდევნო ეტაპზე გავალთ თუ არა, მაგრამ ბოლომდე ვეცდებით და ვიბრძოლებთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ყველა ტურნირზე 11 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ 22-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა და 27 ნოემბრის შემდეგ პირველად დამარცხდა. „ლივერპულთან“ დუელში კი, ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება, რომელიც 11 მარტს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.