ფეხბურთი

3:10 | 6.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია: "ბევრად მეტს ვიმსახურებდით, ვაჩვენეთ, რომ დღეს უკეთესი ჩვენ ვიყავით"
"შრომა უნდა გავაგრძელო და შედეგიც მოვა"

„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ლივერპულთან“ მატჩის (0:1) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, პსჟ მარცხს არ იმსახურებდა და ძნელია არ დავეთანხმოთ, რადგან პსჟ-მ „ლივერპულს“ თამაშით მაგრად აჯობა, მაგრამ ინგლისურმა კლუბმა კარში ერთადერთი დარტყმით მოიგო, მაშინ, როცა ალისონმა 10 სეივი მიითვალა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბრაზილიელი მეკარე დაასახელეს.

„გოლის გასატანად ძალიან ბევრი შანსი გვქონდა. ამ საღამოს ბევრად მეტს ვიმსახურებდით, ვაჩვენეთ, რომ დღეს უკეთესი გუნდი ვიყავით, გამარჯვებას თუ არა, ფრეს მაინც ვიმსახურებდით.

ეს ფეხბურთია, ახლა მზად უნდა ვიყოთ საპასუხო მატჩისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, რთული იქნება, რადგან „ენფილდი“ საოცარი სტადიონია, დიდებული ატმოსფეროთი. ჯერ დასრულებული არაფერია, იგივენაირად უნდა ვითამაშოთ და მნიშვნელოვანია, რომ გოლი გავიტანოთ.

ჩემი გაუქმებული გოლი? ძალიან დამწყდა გული, რომ გოლი გაუქმდა, რადგან მანამდე ძალიან გამიხარდა გატანა, ეს ფეხბურთია, ხდება. უბრალოდ შრომა უნდა გავაგრძელო და შედეგიც მოვა, როგორც ჩემთვის, ისე გუნდისთვის.

მთავარია ვითამაშო, არ აქვს მნიშვნელობა მწვრთნელი რომელ პოზიციაზე მათამაშებს, ყოველთვის მზად უნდა ვიყო. ვფიქრობ, გუნდურად ძალიან კარგად ვითამაშეთ, არ არის ადვილი „ლივერპულისთვის“ ამდენი პრობლემის შექმნა. დიახ, მახსოვს, როცა „ნაპოლიში“ ვითამაშე „ლივერპულის“ წინააღმდეგ, ერთხელ მოვიგეთ, ერთხელ წავაგეთ, ფეხბურთი ასეთია“, - თქვა კვარამ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ყველა ტურნირზე 11 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.

ყველაფერი საპასუხო მატჩში გადაწყდება, რომელიც 11 მარტს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.

0.117788