„პარი სენ-ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ლივერპულს“ თამაშით მაგრად აჯობა, ყველაფერში დაჩაგრა, მაგრამ მაინც ვერ მოიგო, უფრო მეტიც წააგო - 0:1.
„პარი სენ-ჟერმენი“ პირველ ტაიმში უდიდეს უპირატესობას ფლობდა, ხვიჩა კვარაცხელია კი, მოედანზე მთავარი მოქმედი პირი იყო. ქართველის შეჩერება „ლივერპულს“ ძალიან უჭირდა.
მე-20 წუთზე ხვიჩამ ულამაზესი გოლიც გაიტანა, მარცხენა ფეხით დაარტყა და ალისონს შორეულ კუთხეში გაუტანა. თუმცა, VAR-ის ჩარევის შედეგად გოლი გაუქმდა, კვარა ძალიან მცირედით იყო თამაშგარე მდგომარეობაში...
გაუქმებულ გოლს ქართველზე არ უმოქმედია, აქტიურობა გააგრძელა და პირველ ტაიმში ორჯერ კიდევ შეეძლო გატანა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ალისონი ბრწყინვალედ გაისარჯა. ბრაზილიელი მოედანზე ცალსახად გამორჩეული იყო, მარტო პირველ ტაიმში 5-ჯერ იხსნა თავისი გუნდი და მეორე ტაიმშიც გააგრძელა ბრწყინვალება...
მეორე ტაიმის სტარტზე ალისონმა კიდევ ერთხელ აჯობა კვარას: ამჯერად საჯარიმო დაარტყა ხვიჩამ და ულამაზესი გოლი გაჰქონდა, რომ არა ალისონი... ბრაზილიელმა შემდეგ პსჟ-ს სხვა ფეხბურთელებსაც აჯობა.
პარიზელთა რიგებიდან ხვიჩა ყველაზე აქტიური და გამორჩეული იყო, თანაც, დროის უმეტესი ნაწილი მარჯვენა ფლანგზე ითამაშა, მხოლოდ ბრედლი ბარკოლას გასვლის შემდეგ დაიკავა ადგილი მარცხენა ფლანგზე. ლუის ენრიკემ ქართველი ვარსკვლავი 78-ე წუთზე გონსალო რამოშით შეცვალა.
„ლივერპულს“ პსჟ-ს კართან ხიფათი საერთოდ არ შეუქმნია, მთელი თამაშის განმავლობაში არნე სლოტის გუნდი მხოლოდ თავის დაცვით იყო დაკავებული, რაც არც ისე კარგად გამოსდიოდა და გოლი რომ არ გაუშვა, ეს მხოლოდ ალისონის დამსახურებაა.
მიუხედავად ამისა, „ლივერპულმა“ მაინც მოიგო: 87-ე წუთზე ინგლისურმა გრანდმა კარში ერთადერთხელ დაარტყა და გოლი გაიტანა. დარვინ ნუნიესის შესანიშნავი პასით ჰარვი ელიოტმა შეაგდო, რომელიც მოედანზე რამდენიმე წამის შესული იყო...
სტატისტიკაც ნათლად ასახავს, რაც მოედანზე ხდებოდა და რაც ტაბლოში არ აისახა: პსჟ-მ კარისკენ 27-ჯერ დაარტყა, კარში 10(!)-ჯერ, 13 კუთხური ჩააწოდა, როცა საპასუხოდ, „ლივერპულმა“ 2-ჯერ დაარტყა კარისკენ, ერთხელ კარში, ორი კუთხური ჩააწოდა და მოიგო.
პსჟ-მ 27 ნოემბრის შემდეგ პირველად წააგო და 22-მატჩიანი წაუგებელი სერია შეუწყდა.
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ყველა ტურნირზე 11 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.
ყველაფერი მაინც, საპასუხო მატჩში გადაწყდება, რომელიც 11 მარტს, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.
„პარი სენ-ჟერმენი“ – „ლივერპული“ 0:1 (0:0)
პარიზი, „პარკ დე პრენსი“
„პარი სენ-ჟერმენი“ (4-3-3): დონარუმა; ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში; ნევეში, ვიტინია, ფაბიან რუისი (ზაირ-ემერი 78); კვარაცხელია (რამოში 78), დემბელე, ბარკოლა (დუე 66)
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი, რობერტსონი; მაკალისტერი, გრავენბერხი (ენდო 79), შობოშლაი; სალაჰ (ელიოტი 86)ი, დიოგო ჟოტა (ნუნიესი 67), ლუის დიასი (ჯონსი 67)
მწვრთნელი: არნე სლოტი
გოლი: 0:1 ელიოტი (87)
გაფრთხილება: მარკინიოსი (38) - ვან დეიკი (70)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 27 (10) – 2 (1) ბურთის ფლობა: 72%-28% კუთხურები: 13:2 თამაშგარე: 3:0
მსაჯი: