ხორვატიაში ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. საქართველოს ვაჟ ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა გიორგი მუმლაძის, შოთა სუმბაძისა და იოანე ხვარეშიას შემადგენლობით, 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა. ქართველმა სპორტსმენებმა ფინალში უკრაინის ნაკრები ანგარიშით 16:6 დაამარცხეს.
ამ ეტაპზე ქართველთა ანგარიშზე ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალია. გუნდურ ჩათვლაში 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა საქართველოს გოგონათა ნაკრებმა: მარიამ აბრამიშვილის, მარიამ მარშავასა და მარიამ ფროდიაშვილის შემადგენლობით. მათ 1711 ქულა დააგროვეს, რაც ევროპის რეკორდია.
ინდივიდუალურ ასპარეზობაში მარიამ აბრამიშვილი 10-მეტრიან დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტის სროლაში ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. მან ფინალში 212,1 ქულა დააგროვა და მესამე ადგილი დაიკავა.