„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ჟოაო ნევეშმა „ლივერპულთან“ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა და კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა. მან ქართველი თანაგუნდელი შეაქო.
„კვარას ბევრი თვისება აქვს, ის ნამდვილად კარგი ბიჭია. მის წინააღმდეგ ნათამაშები მქონდა ევროპის ჩემპიონატზე, ძალიან კარგი ფეხბურთელია და გაგვიმართლა, რომ გვყავს.
პსჟ-ში გადასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ლუის ენრიკესთან მუშაობა იყო, მომწონს ფეხბურთის მისი იდეა. ვაკეთებთ იმას, რასაც ის გვეუბნება. ჩვენ ყოველდღე ვუმატებთ, ჩემპიონთა ლიგაზე სტარტი რთული გვქონდა, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ ცუდად ვთამაშობდით, უბრალოდ ახლანდლისგან განსხვავებით მომენტებს ვერ ვიყენებდით. ყველა მატჩს ერთნაირად ვუდგებით და ნამდვილად კარგად ვთამაშობთ.
სალაჰი? ასეთი ფეხბურთელისგან თავის დაცვის საუკეთესო გზა ბურთის ფლობაა, ეს არის ჩვენი სტრატეგია. ვეცდებით, ბურთი, რაც შეიძლება დიდხანს შევინარჩუნოთ. როგორც გუნდი, ვფიქრობ, ჩვენ უკეთესები ვართ“, - აღნიშნა ნევეშმა.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „ლივერპულის“ მატჩი 5 მარტს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით 10 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, 3-ჯერ საგოლე პასი გააკეთა და ერთხელ პენალტი მოიპოვა.