ფეხბურთი

2:00 | 3.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" სერია A-ში ზედიზედ მესამედ დამარცხდა და მე-9 ადგილზეა (+VIDEO)

„მილანი“ ღრმა კრიზისშია და ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა. სერჟიო კონსეისაოს გუნდმა „ტორინოსა“ და „ბოლონიასთან“ წაგებების შემდეგ, „ლაციოსთანაც“ ვერაფერი გააწყო. აღსანიშნავია, რომ „როსონერიმ“ სამივე თამაში 1:2 დათმო.

27-ე ტურის მატჩში „ლაციო“ 28-ე წუთზე მატია ძაკანის გოლით დაწინაურდა. 67-ე წუთზე „მილანის“ მდგომარეობა სტრაჰინია პავლოვიჩის გაძევებით დამძიმდა, მაგრამ მასპინძლებმა 84-ე წუთზე სამუელ ჩუკვუეზეს გოლით გათანაბრება მოახერხეს.

„მილანი“ ახლო იყო ქულასთან კაცნაკლულ მდგომარეობაში, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ ბოლო წუთზე მაიკ მენიომ დაუფიქრებლად ითამაშა, პენალტი აიკიდა, რომელიც პედრომ ზუსტად დაარტყა და თამაშიც დასრულდა.

„მილანის“ ტიფოზებმა გუნდს პროტესტი გამოუცხადეს, კურვა სუდი საწყისი 15 წუთი ცარიელი იყო, მაგრამ მათმა პროტესტმა ჯერ შედეგი ვერ გამოიღო, „როსონერი“ ისევ დამარცხდა.

„მილანი“ 41 ქულით უკვე მეცხრე ადგილამდე ჩამოქვეითდა, ხოლო „ლაციო“ 50 ქულით მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის.

0.114283