ფეხბურთი

20:29 | 2.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

გოგლიჩიძის "ემპოლიმ" ქულა მოიპოვა, მაგრამ მოუგებელი სერია გრძელდება (+VIDEO)

„ემპოლიმ“ შუა კვირაში „იუვენტუსს“ იტალიის თასზე პენალტების სერიაში აჯობა და ისტორიაში პირველად ნახევარფინალში გავიდა, თუმცა, სერია A-ში მოუგებელი სერია ისევ ვერ შეწყვიტა.

ამასთან რობერტო დ’ავერსას გუნდი ძალიან ახლოს იყო, რადგან 27-ე ტურში სტუმრად „ჯენოას“ ალბერტო გრასის გოლით ამარცხებდა, 81-ე წუთამდე, სანამ ემპოლელთა ახალწვეულმა მეკარე, მარკო სილვესტრიმ კოშმარული შეცდომა არ დაუშვა და ავტოგოლით გუნდს ქულები პირადად დააკარგვინა - 1:1.

საბა გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. „ემპოლიმ“ გოლი კუთხურიდან გაიტანა, რომელიც სწორედ ქართველის კარგი თამაშის შემდეგ დაინიშნა. ქართველი მცველის აქტივში სერია A-ს მიმდინარე სეზონში 24 თამაშია.

„ემპოლი“ სერია A-ში 8 დეკემბრის შემდეგ მოუგებელია - 12 მატჩი, 3 ფრე, 9 წაგება. შედეგად, ტოსკანური გუნდი 22 ქულით გასავარდნ ზონაშია, მე-18 ადგილზე, მომდევნო ტურში კი, 9 მარტს, რომას უმასპინძლებს.

0.585103