რაგბი

12:02 | 2.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცა | კეიპტაუნში ჰონკონგზე

საქართველოს 7-კაცამ 2025 წლის მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერია უიღბლობით დაიწყო. კეიპტაუნში მიმდინარე პირველი ეტაპის ჯგუფურ შეხვედრებში ის იაპონიას ერთი გარდასახვით ჩამორჩა, გერმანიასთან კი 0:0-ზე მოედანზე კაცნაკლული დარჩა და 7-კაცაში ეს ფაქტობრივად განაჩენის ტოლფასია.

არადა, თავიდან ყველაფერი კარგად იწყებოდა. ლევან ნარიმანიძის გარღვევისა და ბექა გელხვიძის ლელოთი იაპონიასთან პირველივე წუთზე დავწინაურდით, ტაიმის შუაში კი გაგა ქევხიშვილმა ფრთაზე ძალიან მაგრად ითამაშა, ორი მბოჭავი ჩამოიცილა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა.

ამ დრომდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, საქართველო ბურთს და თამაშს აკონტროლებდა, მაგრამ მერე ოვალი იაპონიას დავუთმეთ და საპასუხო გარდასახული ლელო მივიღეთ, რასაც შესვენებამდე ჩვენი მოთამაშის სინბინი და მეორე გარდასახული ლელო მოყვა - 12:14. მეორე ტაიმის დასაწყისში იაპონიამ კიდევ ერთი გარდასახული ლელო გაიტანა. ტაიმის შუაში საბა არჩვაძის კარგი შეტევის შემდეგ ლევან ნარიმანიძემ ლელო გაიტანა, გარდასახვით სხვაობა 2 ქულამდე დავიდა და გამარჯვების მოსაპოვებლად საკმარისი დრო რჩებოდა, მაგრამ გადამწყვეტი იერიშის დაწყება ვერ მოხერხდა - 19:21.

გერმანელებთან თამაშიც ჩვენი უპირატესობით დაიწყო. ბურთს და ტერიტორიას ვაკონტროლებდით, მაგრამ მე-5 წუთზე მსაჯმა ლუკა ალიბეგაშვილის მხრიდან სახიფათო ბოჭვა დაინახა და მას წითელი ბარათი უჩვენა. ამ ეპიზოდში ქართველი მორაგბე დაშავდა, რომელიც მეტოქის მხარს თავით დაეჯახა. გერმანელებმა მეტობა ტაიმის ბოლოს ლელოში ასახეს. მეორე ტაიმში ერთი ხანობა 5 კაცით დავრჩით მოედანზე და საბოლოოდ მეტოქემ 31:0 გაიმარჯვა.

ამრიგად, ხვალ მე-9 ადგილისთვის ვაგრძელებთ ბრძოლას და ნახევარფინალში, ჩვენი დროით 12:22 საათზე ჰონკონგს ვერკინებით.

სამხრეთ აფრიკის ჩელენჯერის სერიის პირველ ეტაპზე თამაშობენ

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ბექა გელხვიძე, ირაკლი სიმსივე, ლუკა ალიბეგაშვილი, ლევან ნარიმანიძე, თემურ კოხოძე, სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, ვაჟა მიქაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, გიორგი გამყრელიძე, გიორგი ჯობავა.

RUGBY.GE

0.118945