„მონაკოს“ თავდამსხმელი მიკა ბიერეთი ლიგა 1-ში ბრწყინავს. 22 წლის დანიელმა „რეიმსთან“ (3:0) მორიგი ჰეთ-თრიქი შეასრულა, თუმცა, ამაზე ვრცლად ქვემოთ.
მანამდე ვთქვათ, რომ ბიერეთი „მონაკომ“ იანვარში გრაცის „შტურმიდან“ 15 მილიონ ევროდ შეიძინა. „თავადებს“ ის საოცრად მოერგო და ლიგა 1-ში უკვე მესამე ჰეთ-თრიქი გაიფორმა.
22 წლის ფეხბურთელმა 3-3 გოლი გაუტანა „ოსერს“, „ნანტს“ და „რეიმსს“, ერთი გოლი „რენის“ წინააღმდეგაც შეაგდო, მოკლედ, უკვე 10 გოლით გამოირჩა, სულ რაღაც 7 მატჩში!
საოცარი შედეგი რომ აქვს, ეს ფაქტიც მოწმობს: ბოლო 70 წლის განმავლობაში საფრანგეთის ჩემპიონატში ჰეთ-თრიქი სამჯერ არავის შეუსრულებია თავის საწყის 7 მატჩში - დანიელი პირველია, ვინც ეს მოახერხა.
ბიერეთი ლონდონში დაიბადა, სადაც „ფულჰემის“ და „არსენალის“ აკადემიაში გაიზარდა, შემდეგ „ვალვაიკსა“ და „მოზერველში“ ითამაშა, ხოლო „შტურმში“ 2024 წლის ზამთარში გადავიდა. ავსტრიულ კლუბში მან 47 შეხვედრაში 23 გოლი გაიტანა, მათ შორის, ორი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში „ჟირონას“ (1:0) და „ლილის“ (2:3) წინააღმდეგ. „ლილთან“ გრაცელთა მეორე გოლის ავტორი ოთარ კიტეიშვილია.