„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „ლილთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ადაპტაციაზეც ისაუბრა.
როგორც მან თქვა, კვარა იმ დონის ფეხბურთელია, რომ სხვადასხვა სათამაშო სტილთან მორგება შეუძლია:
„როგორც შარშან გავაკეთეთ ბერლადოსთან, მას მივაწოდეთ საჭირო ინფორმაცია ვარჯიშების და მატჩების შესახებ. როდესაც ამ დონის მოთამაშეებს იმატებ, ისინი ინტელექტუალური ფეხბურთელები არიან, რომლებსაც შეუძლიათ სხვადასხვა სათამაშო სტილს მოერგონ. როდესაც ისინი უყურებენ თანაგუნდელებს თავდასხმასა და დაცვაში, ხედავენ, როგორ მოერგონ მას. გარდა ამისა, როგორც ყველა ფეხბურთელს, მასაც ვაძლევთ საკმარის დროს თავისი უნარების გამოსახატად და თავისუფლებას. ვცდილობთ, პატივი ვცეთ მის თვისებებს და გავაუმჯობესოთ ისინი.
ვფიქრობ, „ლილსა“ და „ლივერპულს“ შორის მსგავსება არის, დაცვაში „ლილიც“ დაახლოებით მსგავსად თამაშობს. ასე რომ, ეს შესანიშნავი თამაშია ჩვენთვის მოსამზადებლად მეტოქესთან, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. დიდი მოტივაცია გვაქვს, ვაჩვენოთ, რომ ყველას წინააღმდეგ თამაში შეგვიძლია. სახლში ვითამაშებთ და ჩვენი გულშემატკივარი ჩვენთვის დამატებითი მოთამაშეა.
ის ფაქტი, რომ „ლივერპული“ ამ უიქ-ენდზე არ ითამაშებს, არანაირი უპირატესობა ან მინუსი არ არის. მათაც რთული კალენდარი ჰქონდათ, ეს არის ის, რასაც მწვრთნელები ვერ ვაკონტროლებთ. შეუძლებელია გვქონდეს განრიგი, რომელიც ყველა გუნდს მოერგება, როცა გვინდა ყველა ტურნირზე ვიბრძოლოთ, ეს შეუძლებელია.
კალენდარი ძალიან გადატვირთული გვაქვს, მაგრამ მახარებს კიდეც, რადგან ნიშნავს, რომ ყველა ტურნირზე ბრძოლას ვაგრძელებთ. ამჟამად ყველა ფეხბურთელი ხელმისაწვდომია და შემიძლია არჩევანი გავაკეთო, ეს არის ის, რაც მახარებს“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს მაისურით დღემდე 10 მატჩში 2 გოლი გაიტანა, 3 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო ერთხელ პენალტი მოიპოვა. „პარი სენ-ჟერმენი“ – „ლილის“ მატჩი 1-ელ მარტს, 23:55 საათზე გაიმართება.