„მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა ინგლისურ კლუბში თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლების შესახებ ისაუბრა.
„ყველასათვის რთულია. ხალხი ხედავს, რომ მათი მეგობრები და თანაგუნდელები სამსახურს კარგავენ. ჩვენ კვლავ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ კლუბის დასახმარებლად ამ მომენტში. უნდა გავიგოთ, რა დავაშავეთ ამ სიტუაციაში მოხვედრისთვის.
ვიცით, რომ ეს წელი მართლაც რთული იყო ყველასთვის. ჩვენ, როგორც კლუბმა, ბევრი ცვლილება განვახორციელეთ და თუ გყავთ გუნდი, რომელიც კარგად თამაშობს და იგებს, ეს გარკვეულწილად გაუადვილებს გულშემატკივრებს ცვლილებებთან გამკლავებას.
მაგრამ ამჟამად სხვა ვითარებაში ვართ კლუბში და მოედანზე. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ საქმეები გამოვასწოროთ“, - ციტირებს ამორიმის სიტყვებს Manchester Evening News.
შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ბიუჯეტის ოპტიმიზაციის მიზნით გააუქმა უფასო სადილები პერსონალისთვის. კლუბმა ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაცხადა დიდი რაოდენობით თანამშრომლების მოახლოებული გათავისუფლების შესახებ.