ფეხბურთი

10:43 | 27.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო მოტა: "მრცხვენია, ფსკერს შევეხეთ, "იუვეს" ისტორიას ბოდიში უნდა მოვუხადოთ"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ იტალიის თასის მეოთხედფინალში „ემპოლისთან“ პენალტებში მარცხის შემდეგ განაცხადა, რომ ფსკერს შეეხნენ და კლუბის ისტორიას ბოდიში უნდა მოუხადონ.

„მრცხვენია. სამარცხვინო პირველი ტაიმი ვითამაშეთ და იმედი მაქვს, რომ ჩემი ფეხბურთელებიც იმავეს გრძნობენ. შეგვიძლია ყველაფერი გავაკეთოთ არასწორად, მაგრამ ასეთი დამოკიდებულებით თამაში არ შეიძლება. მეც ვცდები, რადგან ფეხბურთელებს ვერ გავაცნობიერებინე ამ მატჩის მნიშვნელობა და ამ მაისურით თამაშის მნიშვნელობა.

ვიმედოვნებ, კრიტიკა ნამდვილად ძლიერი იქნება. დღეს, გულშემატკივრები ჩვენდამი ძალიან კეთილგანწყობილნი იყვნენ იქიდან გამომდინარე, რაც პირველ ტაიმში ვნახეთ. იმედი მაქვს, ფეხბურთელები რეაგირებას დაუყოვნებლივ მოახდენენ. ჩემი პასუხისმგებლობაცაა, რადგან ამ ფეხბურთელებს ვერ გავაგებინე რას ნიშნავს "იუვენტუსში" თამაში.

დღეს ვითამაშეთ „ემპოლისთან“, რომელმაც ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელიც კი დაასვენა... ჩვენ ნახევარფინალში გასვლა არ დაგვიმსახურებია, ბოდიში უნდა მოვუხადოთ ქომაგებს, კლუბის ხელმძღვანელობას, ამ კლუბის ისტორიისთვის ბოდიში გვაქვს მოსახდელი, დღეს ფსკერს შევეხეთ“, - თქვა მოტამ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ ბოლო ერთ კვირაში ჩემპიონთა ლიგას და იტალიის თასს გამოეთიშა, მხოლოდ სერია A-ს შემორჩა, სადაც სულ რაღაც მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში შესვლა მაქსიმუმი თუ იქნება.

0.065492