ესპანეთის თასის ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში „ბარსელონამ“ და მადრიდის „ატლეტიკომ“ გულშემატკივარს სანახაობა შესთავაზეს.
დიდებული დაპირისპირება ფრედ, 4:4 დასრულდა. „ატლეტიკომ“ თამაში ფანტასტიკურად დაიწყო და 6 წუთში ორი გოლი გაიტანა. პირველივე წუთზე ანგარიში ხულიან ალვარესმა გახსნა, ხოლო 5 წუთში ანტუან გრიზმანმა სხვაობა გააორმაგა.
თუმცა, „ბარსამ“ მალევე გაათანაბრა: მე-19 და 21-ე წუთებზე პედრიმ და პაუ კუბარსიმ შეძლეს მადრიდელთა კარში გატანა. პირველი ტაიმის მიწურულს ინიგო მარტინესმა „ბლაუგრანა“ დააწინაურა. 74-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ მეოთხედ დაამწუხრა სტუმრები და ანგარიში 4:2 გახდა.
დიეგო სიმეონეს გუნდი ამის მიუხედავად არ გატყდა. 10 წუთის შემდეგ მარკოს ლორენტეს გოლით შეამცირა სხვაობა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ალექსანდრ სორლოთმა წონასწორობა აღადგინა და საოცარი მატჩი 4:4 დასრულდა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 2 აპრილს, მადრიდში გაიმართება, ხოლო მეორე ნახევარფინალურ წყვილში ერთმანეთს „სოსიედადი“ და „რეალი“ შეხვდებიან.