ფეხბურთი

22:10 | 25.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

მონტევიდეოს უკიდურეს დასავლეთში (+VIDEO)

მოდით უცნაურობისა და ბედის გამგებელს დავუტოვით განსასჯელად, ურუგვაიში ყოფნისას თუ როგორ აღმოვჩნდი ისეთი ყოვლად წარმოუდგენელი გუნდის თამაშზე, როგორიც გახლავთ მონტევიდეოს საფეხბურთო კლუბი სახელად „სერო“. სერო (სერო-ნორტე) - ესაა სახელწოდება მონტევიდეოს უკიდურეს დასავლეთით მდებარე მიჭყლეტილი გარეუბნისა, სადაც ორ სართულიანზე მაღალი შენობა ფიზიკურად არ დგას და სადაც ყოფნისას აუცილებლად დაგეუფლებათ 90-იანი წლების საქართველოში ყოფნის განცდა.

სწორედაც რომ ამხანაგი ე. შევარდდნაძის ეპოქა გიდგება თვალწინ, როდესაც ხედავ, ოკეანის ყურედან მონაბერი ნიავი ჰაერში როგორ დააფარფატებს ცელოფნის პარკებს, ქაღალდის ნაგლეჯებს და სიგარეტის გაჭყლეტლ კოლოფებს. ქუჩაში მოსიარულე ავტომანქანებიდან ყველაზე ახალი მინიმუმ 20 წლისაა და უკლებლივ ყველა მათგანი ისეთ საზარელ ხმას გამოსცემს, კანტი-კუნტად მოსიარულე მანქანების გრუხუნზე ქუჩის ძაღლები წკავწკავსა და ყეფას იწყებენ, კატები ჩხავილს, ადამიანები კი ისეთ სახეს იღებენ, თითქოს ვლადიმერ ჟირინოვსკი დაინახეს მკვდრეთთ აღმდგარი.

ასეთ ღვთისგან მივიწყებულ უბანში ფეხბურთის საყურებლად არაურუგვაელი კაცი ბოლოს გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ნახეს და შემდეგ იმ ადამიანის კვალი ისტორიისა და წარსულის ლაბირინთებში იკარგება. ალბათ ეს ყოველივე უცნაურუბა გახდა მოტივაცია იმისა, რომ ჩავმჯდარყავი ძველ და მონჯღრეულ 130 ნომერ ავტობუსში, მესმინა წმინდა საავატობუსე ჰანგები, რომელიც ძალიან ჰგავდა ერთ დროს ჩვენში ნამეტნავად პოპულარული ლათინოამერიკული სერიალების მუსიკას და დაახლოებით ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ, მიმეღწია ბედის ირონიით საბერძნეთის გამზირზე მდებარე სტადიონამდე, სადაც იმართებოდა აწ უკვე ხსენებული „სეროსა“ და პატარა საპორტო ქალაქის, საკრამენტოს კლუბის სახელად „პლაზა კოლინიას“ შეხვედრა.

ურუგვაის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის, რომელსაც სახელად „ლიგა აუფ“ ჰქვია, ცხრილის მიხედვით, საკრამენტოს გუნდი საშუალოზე სუსტ „სეროს“ ნამდვილად სჯობდა, თუმცა მასპინძლების მცირერიცხოვან, მაგრამ სუპერმოტივირებულ გულშემატკივრებს სატურნირო ცხრილი დიდად არ აინტერესებდათ, უმეტესობამ დარწმუნებული ვარ არც იცოდა სატურნირო ცხრილის რაობა და ყველა ერთადერთი სურვილით - მათი საწყალი გუნდის გამარჯვების ხილვის სურვილით იყვნენ მოტივირებულნი.

„სეროს“ ძველ და იავარქმნილ სტადიონზე, რომელსაც საკმაოდ ომახიანი სახელი - „ესტადიო მონუმეტალ ლუის ტროჩოლი“ ჰქვია, ერთ დროს 25 ათასი ადამიანი ეტეოდა, თუმც წლებმა და უფულობამ უბან სეროსი არ იყოს, სტადიონსაც დაატყო ხელი და ახლა ტრიბუნების მაქსიმუმ ნახევარი თუა ვარგისი. სკამები ბეტონისა გახლდათ, რაც ამშენებელ-კონსტრუქტორთა გონივრულ მიგნებად უნდა ჩაითვალოს, თუკი აქაური გულშემატკივრების სიგიჟესა და მსხვრევა-მტვრევისკენ ცხოველ მიდრეკილებას გავითვალისწინებთ. სტადიონის სახელწოდება უკავშირდება ამ კლუბის ლეგენდარულ პრეზიდენტს, ლუის ტროჩოლის, რომელიც „სეროს“ მესაჭე 1949 წელს გახდა და მალევე დაიწყო 25 ათას მაყურებელზე გათვლილი არენის აშენება. ასეთი სტადიონი იმ დროს (მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ეპოქაში) ურუგვაისა და მთელს სამხრეთ ამერიკაში ბევრი არ იყო. სწორედ ამიტომას სენიორ ტროჩოლი არის სეროელთა მამა და თილისმა, რომლის სახელიც გულშემატკივართა შორის ხელშეუხებელია.

როგორც არ უნდა ვიენამზეო, მაინც ვერ შევძლებ საქებარი სიტყვბი ვთქვა „სეროს“ თამაშზე. თავიდან ცოტას კი ცდილობდნენ მოწინააღმდეგეთა სწრაფი გარემარბების შეჩერებას (საკრამენტოელებს 19 წლის ენრიკე ალმეიდა ჰყავდათ რაც ჰყავდათ!), თუმცა ნახევარი საათის შემდეგ წვიმა დაიწყო და მასპინლების მოუქნელ მცველებს კიდევ უფრო მეტად გაუჭირდათ სველ, თუმცა საკმაოდ კარგად მოვლილ მინდორზე მოწინააღმდედეთა დევნა და ბოლოს ისეთი დაბნეული სახეებით უყურებდნენ მათ საჯარიმოში პერიოდულად შეჭრილ საკრამენტოელებს, თითქოს მხოლოდ უფლისგან და ქომაგებისგან ელოდნენ შველას.

გულშემატკივარი კი იყო საოცარი, ერთგული და უნამდვილესი. ალბათ ზუსტად ასე ქომაგობდნენ ფეხბურთს გასული საუკუნის გარიჟრაჟზე, ფეხბურთზე შეყვარებული ღარიბი ადამიანები. „სეროს“ ქომაგებს ემოსათ თეთრ-ცისფერ ფერებში გაწყობილი საკლუბო ამუნიცია, ყვიროდნენ და მღეროდნენ ხმის ჩახლეჩვამდე, არ უშინდებოდნენ წვიმას, თითქმის ყველას თან წამოეღოთ მატეს (ეს გახლავთ ურუგვაისა და არგენტინაში ერთობ პოპულარული ყავის ატერნატიული ცხელი სასმელი) დასაყენებელი მთელი მოწყობილობები და თუკი საქართველოში სტადიონზე ჯდომისას გულშემატკივრის უძველესი წესია მზესუმზირის კნატუნი, ურუგვაიში რასაც ხალხი სტადიონზე მიირთმევს ეს არის მატე და მხოლოდ მატე. აქა-იქ შეიძლება ვინმეს გამაგრილებელი სასმელიც ესვა, მაგრამ მატე იყო დომინანტი ყველაფერსა ზედა და ამიტომაც „სეროს“ქომაგთა ყანყალა ტრიბუნა ერთიანად ორთქლში იყო გახვეული

როგორც გითხარით, ქომაგობა იყო ნაღდი და ალალი, ალაგ-ალაგ გინებებითა და ჩვენთვის ესოდენ ნაცნობი ამოძახებებით მსაჯისა და მოწინააღმდეგის ფეხბურთელების ოჯახის წევრების მისამართით. ხოლო როდესაც „კოლონიამ“ დამსახურებული გოლი გაიტანა (შეხვედრაში „სერო“ 0:1 დამარცხდა) ცხადი გახდა, რომ ზღვისპირელები მასპინძლებს თითქმის ყველა კომპონენტში სჯობდნენ, ჩაკურატებულმა ქალბატონებმა წევლა-კრულვით, ასაკოვანმა ბიძებმა გინებით, ხოლო ჯეელმა ბიჭ-ბუჭობამ სტვენით აიკლეს მათი მწვრთელი, ტაბარე სილვა, რომელიც როგორც ჩანს, ქომაგებს არც მანამდე მოსდიოდათ თვალში და ისიც აშკარა მგონია, რომ ამ 50 წლის ნერვიულ კაცს „სეროს“ მწვრთელობის დიდი დღე არ უწერია.

უკვე ვტოვებდი ამ ღვთისგან მივიწყებულ ადგილს, როდესაც თამაშის შედეგით უკმაყოფილო ახალგაზრდებმა სიტუაციის არევა და საკრამენტოდან ჩასულ რამდენიმე ათეულ გულშემატკივართან ჩხუბის წამოყება სცადეს, რისი საშუალებაც პოლიციამ არ მისცა. მერე კი ვიდექი ჩაბნელებულ და ნაწვიმარ, იავარქმნილ საბერძნეთის გამზირზე ავტობუსის მოლოდინში და ვფიქრობდი - მაინც რა ფენომენია ფეხბურთი, რომ შეიძლება მოხვდე მსგავს მატჩზე და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც კმაყოფილი და ნასიამოვნები დაბრუნდე შინ.

სერო-ნორტეში თითქოს გავიწყდება ნანახი სიღარიბე და სულ სხვა ემოციებს ეჭიდები. რომ არა ფეხბურთი, ისე გავიდოდა წლები და ალბათ ასწლეულებიც, რომ ქართველს მონტევიდეოს უკიდურეს დასავლეთით მდებარე, პორტსგადაღმა ჩაჟამებულ უბანში ფეხი არც კი წაუცდებოდა, რამის დაწერაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი....

0.140486