საფრანგეთის თასის მეოთხედფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ მეოთხე დივიზიონის ბინადარ „ბრიუშინს“ დაუპირისპირდება და მატჩამდე მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.
მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს ძალიან სუსტი მეტოქე ჰყავს, ესპანელი სპეციალისტი რთულ მატჩს ელოდება და თავის შეგირდებს კონცენტრაციისკენ მოუწოდებს, ხოლო კონკრეტულად ხვიჩა კვარაცხელიაზე ამჯერად მას არ უსაუბრია:
„ლიონთან“ ბოლო წუთები რთული იყო, მაგრამ თამაშის ნებისმიერი ასპექტი, რომელიც მომავალში გაუმჯობესებაში დაგვეხმარება, სასარგებლოა. სულ 5 წუთი იყო, როცა ისინი გვიტევდნენ. დანარჩენი დრო რთულ სტადიონზე ძალიან კარგად ვითამაშეთ. მატჩის ანალიზი მხოლოდ 5 წუთით შეუძლებელია, მთელი თამაშის ანალიზია საჭირო.
საფრანგეთის თასზე თამაში ადვილი არაა. წინა ეტაპებზე, „ესპალის“ და „ლე მანის“ წინააღმდეგ გაგვიჭირდა, განსაკუთრებით, „ესპალისთან“. თასიდან ლიგა 1-ის ბევრი კლუბი უკვე გავარდა, ამიტომ, ვიცით, რომ ხვალაც მოგვიწევს ტანჯვა და მარტივი არაფერი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა მეტოქეს და შეჯიბრის, ყოველთვის ერთნაირი ინტენსივობით ვთამაშობთ. ფეხბურთში ყოველთვის ფავორიტები არ იმარჯვებენ, ხვალინდელი მატჩი ერთგვარი ხაფანგია“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „ბრიუშინის“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 26 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.