საფრანგეთის ლიგა 1-ის ვებგვერდმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარი იმაზეა, რომ ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ში მარჯვენა ფლანგზე თამაშობს, რაც მისთვის სიახლეა.
კვარამ სახელი მარცხენა ფლანგზე თამაშით გაითქვა, მაგრამ ბოლო მატჩები საპირისპირო მხარესაც შესანიშნავად ჩაატარა, რამაც ლიგა 1-ის ყურადღება მიიქცია:
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს ექსპერიმენტების არ ეშინია და ხვიჩა კვარაცხელიას ადგილი მარჯვენა ფლანგზე უპოვა. პსჟ-მ ბოლო ორი მატჩი „ბრესტის“ და „ლიონის“ წინააღმდეგ მოიგო, ხოლო კვარაცხელიამ მარჯვენა ფლანგზე შთაბეჭდილება მოახდინა, „ბრესტთან“ გოლი გაიტანა და „ლიონთან“ საგოლე პასი გააკეთა.
მიუხედავად იმისა, რომ ის ძირითადად მარცხენა გარემარბია, ქართველი ახალ როლს მარჯვენა ფლანგზე უპრობლემოდ შეეგუა. ეს კარგია პსჟ-სთვის, რადგან მათ შეუძლიათ ჰყავდეთ შემტევი ტრიო კვარაცხელია-ბარკოლა-დემბელეს შემადგენლობით.
როდესაც კვარაცხელია იანვარში „ნაპოლიდან“ დაიმატეს, ენრიკემ ის მარცხენა ფლანგზე ათამაშა, ხშირად ბარკოლა სათადარიგო სკამზე იყო ან მარჯვნივ თამაშობდა. თუმცა, ახლა ახლა კვარაცხელია ბრწყინავს მარჯვნივ. „ბრესტთან“ 7:0 მოგების შემდეგ პსჟ-ს ახალწვეულმა ადაპტაციის პროცესზე ისაუბრა: „ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. არასოდესაა ადვილი ახალ ქვეყანაში, ახალ ლიგაში გადასვლა, მაგრამ ბევრს ვმუშაობ, ეს ჩემი საქმეა“.
24 წლის ფეხბურთელი განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს, იმისგან, რასაც მიჩვეული იყო და ალბათ, სწორედ ამიტომ, ლუის ენრიკე ფიქრობს, რომ ფეხბურთელს განვითარება კიდევ შეუძლია:
„ჩვენ საუკეთესო გამოსავალს ვეძებთ თითოეული მოთამაშისთვის. ის ჯერ კიდევ იზრდება და ადაპტაციის ფაზაშია. ჯერ კიდევ არ არის 100%-ით ფორმაში. ორიენტირებული ვართ გუნდური გადაწყვეტილებების პოვნაზე, რათა ყველა მატჩში ყველაზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ“, - აღნიშნა ლუის ენრიკემ.
პსჟ-ს შემდეგი ტესტი იმის გასაგებად, შეძლებს თუ არა, კვარაცხელია საბოლოოდ, მარჯვენა ფლანგზე დამკვიდრებას, ლივერპულთან იქნება. პსჟ პრემიერლიგის ლიდერს 5 მარტს უმასპინძლებს, ხოლო 11 მარტს „ენფილდზე“ ითამაშებს“, - წერს ლიგა 1-ის ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 9 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 3-ჯერ საგოლე პასი მიითვალა. კონკრეტულად ლიგა 1-ში კი - 6 თამაში, 1 გოლი და 2 საგოლე პასი. პსჟ ლიგა 1-ს 23 ტურის შემდეგ 59 ქულით ლიდერობს და 13 ქულით უსწრებს „მარსელს“, ასე რომ, ჩემპიონობა მხოლოდ დროის საკითხია. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში 1-ელ მარტს „ლილს“ უმასპინძლებს.