„გალათასარაის“ საფეხბურთო კლუბის პრესსამსახურმა „ფენერბაჰჩეს“ პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიუ გუნდების უშუალო შეხვედრის შემდეგ (0:0) გააკრიტიკა. პორტუგალიელმა განაცხადა, რომ მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში „გალათასარაის“ წარმომადგენლები „მაიმუნებივით ხტუნავდნენ სკამებზე".
„თურქეთში მუშაობის დაწყებიდან „ფენერბაჰჩეს“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ მუდმივად აკეთებდა დამამცირებელ განცხადებებს თურქი ხალხის მიმართ. დღეს მისი განცხადებები ამორალური კომენტარებიდან უბრალოდ არაადამიანურ რიტორიკაში გადაიზარდა. ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ ჩვენს განზრახვას აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ჟოზე მოურინიუს რასისტულ განცხადებებთან დაკავშირებით, ასევე ვაპირებთ ოფიციალური საჩივრების გაგზავნას უეფასა და ფიფაში“, - ნათქვამია „გალათასარაის“ განცხადებაში.
თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა „გალათასარაი,“ რომელმაც 24 მატჩის შემდეგ 64 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილზე „ფენერბაჰჩეა,“ პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდს 58 ქულა აქვს.