რაგბი

21:24 | 24.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | არმია 34:27 ყაზბეგი

თბილისის ‘არმიამ’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგთან’ პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და crocobet დიდი 10-ის მე-14 ტურის დასკვნით შეხვედრაში 34:27 გაიმარჯვა.

არმიელებს ‘ხვამლისა’ და ‘ხარების’ მსგავსად 33 ქულა მოუგროვდათ და სატურნირო ცხრილში მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფს. ეს სამეული მდევრებს 6 ქულით უსწრებს, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ ‘ყაზბეგია’, რომელმაც ნუგეშ-ქულა აიღო და ‘ლელოს’ მსგავსად 27 მოაგროვა.

„ლოკომოტივის ბაზაზე“ მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში ‘არმია’ დომინირებდა და 25-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, შესვენების შემდეგ კი ‘ყაზბეგმა’ მეტოქეზე ერთით მეტი, 4 ლელო გაიტანა, თუმცა მერლს პიტერსის ფეხჩუბინობას ვერაფერი მოუხერხა.

პიტერსმა საწყის 20 წუთში ორი ჯარიმა გაიტანა, რაზეც დავით მოძღვრიშვილმა ერთი ზუსტი დარტყმით უპასუხა. შემდეგ ჯერზე ნომინალურმა მასპინძლებმა ჯარიმა აღარ დაარტყეს, დერეფნიდან მოლით შეუტიეს და საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს, რასაც თან ტატო გვიმრაძის სინბინი მოყვა. ტაიმის ბოლოს კიდევ ორი ლელო გავიდა; ხანგრძლივი, თანმიმდევრული შეტევა მარჯვენა ფრთაზე 5 ქულით ვანო ბერიკაშვილმა დაასრულა, ხოლო თამაში რომ განახლდა ბექა მაჭარაშვილმა თავისი ნახევრიდან შეუტია, სისწრაფე აკრიფა და 70-მეტრიანი ინდივიდუალური ლელო გაიტანა. რეზი ხარაზიშვილმა გარდასახვით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 28:3.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა მძლავრი მოლი ააგორეს, რომელმაც დიდი მანძილი დაფარა და გელა მახარაშვილმა ‘ყაზბეგის’ პირველი ლელო გაიტანა. 54-ე წუთზე ონისე ბაზალმა მარცხენა ფრთაზე მიიღო ბურთი, ფეხით გადაიკიდა, მიყვა და მეორე ლელო დაამიწა. მოძღვრიშვილმა ორიდან ერთი გარდასახვა გამოიყენა, რაზეც პიტერსმა 4 წუთში მორიგი ჯარიმით უპასუხა.

სტეფანწმინდელებმა შეტევები გააგრძელეს და 64-ე წუთზე იაგო ხელაძემ გაიბრწყინა. მან ფრთაზე კონტაქტით ორი მცველი ჩამოიცილა და ლელო ისე გაიტანა, 71-ეზე კი ბაზალმა ფეხით ითამაშა, მეტოქის 22-ში ბურთს თავად დაეუფლა, ლუკა ჩქარეულს გადაცემა არ დაუგვიანა და მანაც ჩამორჩენა 4 ლელომდე დაიყვანა. დარჩენილ დროში ‘ყაზბეგმა’ გამარჯვების ლელოს გასატანად შეუტია, მაგრამ ‘არმიამ’ თავი დაიცვა, ბოლოს პიტერსმა ერთი ჯარიმაც გაიტანა და საკუთარ გუნდს 34:27 მოაგებინა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბექა მაჭარაშვილი გახდა.

RUGBY.GE

0.11706