ის ყველგან არის და ყველასშია. მისი ხელი ღმერთის ხელია და მისი სულიც და გულიც არგენტინის ხალხს ეკუთვნის. მისი სიკვდილი იქ ფარსია და ბევრს ვერ დაარწმუნებ, რომ სიკვდილი "ღმერთებისაც" ამარცხებს. სადაც არ უნდა იყო, როცა არ უნდა ჩახვიდე, ბუენოს აირესში და სულ რომ თვალები დაიბრმავო, მაინც მუდამ შენს წინ და შენს გვერდით დგას, მოძრაობს და ფაქტობრივად გელაპარაკება კიდეც ჩაკურატებული ტანმორჩილი ხუჭუჭა კაცი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და არგენტინაში ის მაინც აგრძელებს ცხოვრებას. ცხოვრებას ყველგან და ყველასში!
დიეგო არმანდო მარადონა არგენტინაში მხოლოდ სახელი როდია. ესაა რწმენა, იმედი, თანაგანცდა, ოცნება და სახეხატება ერისა, რომელიც ქართველების მსგავსად მუდამ რაღაცა დიდის, განსაკუთრებულის მოლოდინშია და ქართველებისგან განსხვავებით მათი ოცნებები და მოლოდინები ზღაპრებივით კარგად სრულდება.
შედიხარ ბუენოს აირესის უბან პალერმოს ერთ-ერთ რიგით ციცქნა სასურსათო მაღაზიაში და აზიური წარმოშობის გამყიდველს (რომელსაც ჯერ ესპანური ენაც კი ვერ უსწავლია წესიერად) გვერდიგვერდ უკიდია არგენტინის პატარა დროშა და ჯერ კიდევ "არგენტინოს ხუნიორსში" მობურთალი ყმაწვილი დიეგო მარადონას პორტრეტი. ადიხარ ავტობუსში და ჩვენი მძღოლების მსგავსად იქაურ მძღოლებსაც პატარა ხატები აქვთ მათ კაბინაში გაკრული, ამ ღვთიურ შარავანდედებს შორის აუცილებლად მარადონას ხუჭუჭა თავსაც იპოვით და თუ დიეგოს ფოტოს მიაჩერდი და ეს მძღოლმაც შეამჩნია, ამით გამოწვეულ სიხარულს არასოდეს დაფარავს, ცერა თითს მაღლა ასწევს და აუცილებლად გეტყვით: "დიეგო გრანდე მაი ფრენდ!".
სადაც ფეხბურთი და საფეხბურთო ამბები ტრიალებს, იქ ხომ მარადონა ისეთივე "ცოცხალია" თითქოს გუშინ ებურთავოს "ბოკას" მაისურით. სახლების კედლებზე, ასფალტზე, ღობეებზე, ადამიანთა სხეულის სხვადასხვა ალაგას და თქვენ წარმოიდგინეთ ნაგვის ურნაზეც კი სხვადასხვაგვარად დახატული დიეგოები შემოგცქერიან.
ბოლო წლებში მარადონას გვერდით სულ.უფრო ხშირად და სულ უფრო ბევრგან გვხვდება ლეო მესის სახეც, რაც არგენტინელების აზრით ლოგიკური და ბუნებრივია, თუმცა ყველაფრით ჩანს, რომ ლეო მესის კულტი ჯერ ახალია და ბუენოს აირესის კედლების მთავარი გმირი ჯერ ისევ ხუჭუჭა კაცია.
მე რატომღაც მეგონა, რომ მარადონას ხსენებისას რიგითი არგენტინელი დასევდიანდებოდა და ამ გენიალური კაცის მიერ გაფლანგულ ნიჭზე და დაკარგულ დიდებულ წლებზე იტყოდნენ რამეს, თუმცა როგორც ჩანს არგენტინელები კმაყოფილნი არიან იმით რაც ღმერთმა დიეგოს სახით აჩუქათ და არასოდეს იტყვიან აუგს დიეგოზე მისი ხასიათის და უნებისყოფობის გამო. ამითაც კარგად ჩანს, რომ არგენტინაში ადამიანები მხოლოდ წარსულის დიდებით არ სუნთქავენ და ზოგიერთებივით არც შეუცვლელ წარსულზე ცრემლისდენა ახასიათებთ.
აბსოლუტურად ცალკე დგას არგენტინის ორი კლუბის - ჩემს მიერ უკვე ხსენებული "არგენტინოს ხუნიორსისა" და "ბოკა ხუნიოსის" ქომაგობა, რომლებიც მარადონას ბოლო 30 წელია ვერ იყოფენ და მათთვის დიეგო ფეხბურთზე მეტია. მარადონას სახელობის სტადიონზე არსებობს დიეგოსავე სახელობის ტაძარი, სადაც ადამიანები სიმბოლურად რაიმე ნივთს ტოვებენ და "ფეხბურთის ღმერთს" შესთხოვენ, მათი სურვილები აღასრულოს. საქმე იმაშია, რომ მუზეუმის მესვეურების მტკიცებით, მარადონას ერთ სურვილს ყველას უსრულებს და სწორედ მისი "დამსახურებაა", რომ უცნობი ნიდერლანდული კლუბი ამ გუნდის პრეზიდენტის ვედრების შემდეგ ნიდერლანდების მეორე ლიგამდე აღზევდა, თითქმის ბოლომდე გაკოტრებულ იტალიელ ბიზნესმენს კი მისივე მტკიცებით მარადონას ტაძარში ლოცვამ უშველა და ხელახლა დაიბრუნა დაკარგული ბიზნეს აქტივები.
დიეგო მარადონა უკვე დიდი ხანია გასცდა წმინდა საფეხბურთო თემატიკას და არგენტინის სავიზიტო ბარათად და ერთგვარ ტურისტულ გიდად იქცა. არგენტინის ნაკრების ლეგენდარული 10 ნომერი ახატია თითქმის ყველანაირ სუვენირზე რასაც კი ადამიანის ფანტაზია მოიფიქრებს და წარმოიდგენს დაწყებული ტანსაცმელით, ხელჩანთებით, ქუდებით და დასრულებული ჯამ-ჭურჭელითა და ასე გასინჯეთ, სან ტელმოში ხეტიალისას მარადონა მშვენიერ ქალბატონს საკუთარ მოღეღილ მკერდზე ვარდ-კოკობში ჩასმული გამოესახა. ქართულმა ხასიათმა არ გამიშვა, თორემ დიდად კი დამწყდა გული ხსენებულ ქალბატონს მასთან, უფრო სწორად კი მასზე არსებულ დიეგო მარადონასთან ფოტოს გადაღება არ ვთხოვე.
არგენტინაში იმდენი რამაა სანახავი და მისაგურგურებელი, იქ ყოფნისას ბევრი ფიქრის დრო შეიძლება არც გქონდეს ადამიანს, მაგრამ იმას კი აუცილებლად დაასკვნით, რომ მარადონას გარდაცვალება ალბათ მართლაც ოდნავ გადაჭარბებული განცხადებაა.
ლევან სეფისკვერაძე ბუენოს აირესიდან