ფეხბურთი

4:01 | 24.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" მწვრთნელი: "ვნანობ, რომ მიქაუტაძე მანამდე არ შევიყვანე, მაგრამ მთავარია, რომ შესანიშნავად ითამაშა"
"ლაკაზეტის და მიქაუტაძის ერთად თამაში შესაძლებელია"

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ პსჟ-სთან მატჩის (2:3) შემდეგ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცოტა ნანობს, გიორგი მიქაუტაძე მოედანზე მე-80 წუთამდე რომ არ შეუშვა.

ქართველმა ფეხბურთელმა მცირე დროში „ლიონის“ თამაში შეცვალა და შესანიშნავად ითამაშა, ხოლო ფონსეკამ მის შესახებ თქვა:

„შეიძლება, ცოტა ვნანობ, რომ უფრო ადრე არ შევიყვანე მიქაუტაძე, მაგრამ გუნდი იმ მომენტში კარგად თამაშობდა, სტრატეგია განსხვავებული იყო. ყველა ფეხბურთელი კარგად ჩაერთო შეცვლიდან, ალმადა, ლაკაზეტიც და ეს მნიშვნელოვანია. გიორგისთან ვისაუბრე და მიხვდა, რისი გაკეთება გვინდოდა. მთავარია, რომ ის თამაშში ძალიან კარგად ჩაერთო.

ლაკაზეტის და მიქაუტაძის ერთად თამაში? ვნახოთ, შევისწავლით მომდევნო მეტოქეს, მაგრამ ეს შესაძლებელია. ეს ექსპერიმენტი უკვე ჩავატარეთ, შესაბამისად, ვნახოთ.

სხვა შედეგის მიღწევა შეიძლებოდა, საბოლოოდ, გადამწყვეტი დონარუმა იყო, 4-5 კარგი მომენტი გვქონდა, მატჩი ძალიან კარგად დავასრულეთ. პსჟ-მ მესამე გოლი მხოლოდ ინდივიდუალური თვისებებით გაგვიტანა, მაგრამ ბოლო 30 წუთში ძალიან კარგად ვითამაშეთ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ და ვუმჯობესდებით. ასე უნდა გავაგრძელოთ“, - თქვა ფონსეკამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 32 მატჩში 10 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა, კონკრეტულად ლიგა 1-ში კი - 23 თამაში, 6 გოლი და 2 საგოლე პასი. „ლიონი“ 36 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 2 მარტს, „ბრესტს“ შინ დაუპირისპირდება.

0.122593