„ლიონის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ პსჟ-სთან მატჩის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
გიორგი მოედანზე მხოლოდ მე-80 წუთზე შევიდა და „ლიონი“ ამის შემდეგ გამოფხიზლდა, ქართველმა საგოლე პასიც მიითვალა, საოცარ გოლთანაც ახლოს იყო. ნამატჩევს მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა:
„რეაგირება ძალიან გვიან მოვახდინეთ. ჩვენი შემტევი თამაში საკმარისად ვერ გამოვიყენეთ. როცა ამას ვაკეთებთ, ყველასთვის სახიფათო ვართ. პსჟ-ს ბოლოს შეეშინდა, მაგრამ 70-80 წუთი ჩვენი თამაში საკმარისი არ იყო. სამი ისეთი გოლი გავუშვით, რომელთა თავიდან აცილება შეიძლებოდა“, - აღნიშნა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 32 მატჩში 10 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა, კონკრეტულად ლიგა 1-ში კი - 23 თამაში, 6 გოლი და 2 საგოლე პასი.
„ლიონი“ 36 ქულით მეექვსე ადგილზეა და მომდევნო ტურში 2 მარტს, „ბრესტს“ შინ დაუპირისპირდება.