იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ ბერგამოს „ატალანტასთან“ 0:5 განადგურდა.
ჯან პიერო გასპერინის გუნდი ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდა, დუბლი შეასრულა ადემოლა ლუკმენმა, თითოჯერ მატეო რეტეგიმ და დავიდე ძაპაკოსტამ შეაგდეს, ერთიც ემანუელ ჯაზიმ საკუთარ კარში შეაგდო...
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ცხადია, კარგად ასეთ შეხვედრაში ვერ გაირჯებოდა. მას მიმდინარე სეზონში სერია A-ში 23 მატჩი აქვს ჩატარებული.
„ემპოლი“ სატურნირო ცხრილის შუაში მშვიდად იყო, მაგრამ 8 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია - 11 მატჩი, 2 ფრე, 9 წაგება. შედეგად, 21 ქულით უკვე გასავარდნ ზონაშია და ძალიან გაუჭირდება ელიტაში დარჩენა. ტოსკანელები მომდევნო ტურში 2 მარტს, „ჯენოას“ ესტუმრებიან. „ატალანტა“ კი, 54 ქულით მესამეა და ლიდერ „ინტერს“ მხოლოდ 3 ქულა აშორებს.